EMC აჭარის მაუწყებლის ქცევის ახალ წესებს სასამართლოში ასაჩივრებს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებისა და ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების სახელით ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სარჩელში EMC მაუწყებლის ახალი დირექტორის მიერ 8 აპრილს დამტკიცებული იმ ქცევის წესების გაუქმებას ითხოვს, რომელიც ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში თანამშრომლების გამოხატვას არეგულირებს.

„ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ქცევის წესები უკანონოა, რადგან ის მაუწყებლის თანამშრომლების გამოხატვის, შრომისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებებს უხეშად არღვევს და საზოგადოებრივი მაუწყებლის დემოკრატიულ ფუნქციონირებას აფერხებს“, – აცხადებს EMC

როგორც EMC აცხადებს, 2020 წლის 8 აპრილს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა საკუთარი ბრძანებით დაამტკიცა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს თანამშრომლ(ებ)ის ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესები“, რომლის თანახმად, მაუწყებლის თანამშრომლებს სრულად (მათ შორის, არასამუშაო დროსაც) ეზღუდებათ საკუთარი სოციალური ქსელების თავისუფლად, საკუთარი შეხედულებისამებრ მართვის და აქტივობის უფლება. კერძოდ, თანამშრომლებს საკუთარ სოციალურ გვერდებზე შეეზღუდათ თავისუფლად ისეთი ფოტო, ვიდეო და ჩანაწერების გავრცელებაც, რომლებიც არ ეკუთვნის მაუწყებელს (მე-2 მუხლი). ასევე, თანამშრომლებს აეკრძალათ მაუწყებლის სამუშაო და სამაუწყებლო პროცესებთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება (მე-12 მუხლი), ასევე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით რაიმე სახის პოზიციის დაფიქსირება (მე-9 მუხლი). მეტიც, ბრძანება ყველა თანამშრომელს ავალდებულებს მის უშუალო ხელმძღვანელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომელიც აჭარის მაუწყებლის კრიტიკას უკავშირდება (მე-5 მუხლი). ამასთან, ქცევის წესები თანამშრომლებს სთხოვს სრულ ლოიალობას (მუხლი 13) და შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომ თანამშრომლის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ უნდა აზიანებდეს მაუწყებლის რეპუტაციას (14 მუხლი).

„სასამართლოში წარდგენილ სარჩელში მაუწყებლის თანამშრომლები და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე ამტკიცებენ, რომ დირექტორის ბრძანდებით დამტკიცებული ახალი ქცევის წესები შრომითი ხელშეკრულების ნაწილია და იმის გამო, რომ ის თანამშრომლებთან კომუნიკაციის გარეშეა მიღებული და ამასთან, დოკუმენტი უხეშად არღვევს დასაქმებულების გამოხატვის თავისუფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და, აქედან გამომდინარე, შრომის უფლებებს, უკანონოა და უნდა გაუქმდეს. სარჩელში მოსარჩელე პირები შემზღუდავი და გამყინავი ქცევის წესების დაწესებას აჭარის მაუწყებელში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების, მათ შორის, კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კონტექსტში აჩვენებენ და სასამართლოს საკუთარი და სხვა დასაქმებულების უფლებების დაცვას სთხოვენ“, – აცხადებს EMC

EMC=ის შეფასებით, აღნიშნული ქცევის წესები ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის მიზანს ატარებს და, რეალურად, მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან დასაქმებულების თვითნებური დისციპლინური დევნისა და დასჯის ინსტრუმენტს წარმოადგენს. „ახალი ქცევის წესების დაწესებით მენეჯმენტი ცდილობს არსებითად დაასუსტოს მაუწყებლის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება და მის მიერ ორგანიზებული წინააღმდეგობის უნიკალური პროცესი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და დასაქმებულების შრომითი უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. სოციალურ ქსელებში კრიტიკული პოზიციების გამო უკვე დაფიქსირდა ორი ჟურნალისტის, თეონა თურმანიძისა და მალხაზ რეხვიაშვილის თვითნებური დასჯის ფაქტი. ბოლო შემთხვევაში მენეჯმენტმა აშკარად უკანონო გადაწყვეტილება მიიღო და მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც ალტერნატიული პროფესიული გაერთიანების თავმჯდომარეა, სამსახურიდან გაათავისუფლა“.

ორგანიზაციის განცხადებით, მედიამაუწყებლობაში დასაქმებულ პირთა შრომით ურთიერთობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების, პიროვნული განვითარების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებები, რომელთა გარეშეც წარმოუდგენელია მაუწყებლის ჟურნალისტების და სხვა თანამშრომლების შრომის უფლების რეალიზება.

„საზოგადოებრივ მაუწყებელში დემოკრატიული შრომითი გარემო და ურთიერთობები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მოცემულ შემთხვევაში, აჭარის მაუწყებლის დირექტორის ქცევის წესების დამტკიცება ნიშნავს, რომ მას განზრახული აქვს მისთვის არასასურველ დასაქმებულებს დაუტოვოს არჩევანი დამაშინებელ და დამთრგუნველ მდგომარეობაში, სამსახურში ყოფნასა და სამსახურიდან წასვლას შორის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციით გარანტირებული შრომის უფლებას და სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტურ – კეთილსინდისიერებისა და უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის პრინციპებს“, – აცხადებს EMC