EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის, შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის, მაია მეკრვილაძისა და საინფორმაციო გამოშვების წამყვანის, თეონა ბაკურიძის საქმეებზე სასამართლოს მიმართავს.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი მთავარი მთხოვნა თანამშრომლების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაწყების, სხვა პოზიციაზე გადაყვანისა და სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა და თანამშრომლების დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენაა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონოტორინგის ცენტრმა ახალი მენეჯმენტის მიერ მიღბული შრომითი და პოლიტიკური გადაწყვეტილებების დეტალური სამართლებრივი შეფასება წარმოადგინა.
„გადაწყვეტილებები, რომელიც სარედაქციო გუნდში მაღალი პოზიციებისა და ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულებების მქონე თანამშრომლებს შეეხოთ, შრომითი უფლებების უხეში დარღვევის პარალელურად, მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობის მოშლისა და მასზე კონტროლის მოპოვების აშკარა ნიშნებს აჩენს. მაუწყებელში შექმნილი მძიმე სამუშაო გარემო და მენეჯმენტის მიერ მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებების ეს ჯაჭვი, ჟურნალისტებსა და თანამშრომლებში აჩენს დასაბუთებულ შიშებს, რომ დამოუკიდებელი კადრების წმენდის და სარედაქციო პოლიტიკაში ინტერვენციის პრაქტიკა გაგრძელდება და ეს მაუწყებელზე ხელისუფლების კონტროლს საბოლოოდ გააფორმებს.
2019 წლის გაზაფხულიდან მაუწყებელში განვითარებული მოვლენების დინამიკა და კონტექსტი, მათ შორის, ნათია კაპანაძის უსაფუძვლო იმპიჩმენტი, გიორგი კოხრეიძის არჩევის პრობლემური წესი და პროცედურა, მანამდე ბიძინა ივანიშვილის კრიტიკული განცხადებები აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, აჩვენებს, რომ ხელისუფლება მაუწყებელზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს და მისი მიზანია ამ მედიასივრცის კრიტიკულობის და დამოუკიდებლობის შესუსტება. მაუწყებლის დამოუკიდებლობის დასუსტება გააქრობს იმ ღია, კრიტიკულ საზოგადოებრივ სივრცეს, რომელიც აჭარის მაუწყებელმა ბოლო პერიოდში შექმნა და რომელიც არაპრივილეგირებული, ჩაგრული სოციალური ჯგუფებისთვის მათი საჭიროებების, წუხილებისა და ინტერესების რეპრეზენტაციის და მათი ხმის მიწვდენის რესურსი გახდა.
ცხადია, რომ აჭარის მაუწყებელში მიმდინარე პროცესი არსებული პოლიტიკური გარემოს ზოგად კონტექსტში უნდა იქნას დანახული, სადაც აშკარაა ხელისუფლების ინტერესი ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია ჯგუფები და საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს,” – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
EMC-მ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში დეტალურად მიმოიხილა მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და ნათია ზოიძის სამსახურიდან გათავისუფლების საქმეები და დაასკვნა, რომ: „მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის შრომითი საქმეების სამართლებრივი ანალიზი აჩვენებს, რომ მენეჯმენტის მხრიდან ამ გადაწყვეტილებების მიღება კანონის არსებითი და აშკარა დარღვევით განხორციელდა, რაც დამსაქმებლის მხრიდან საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და შიდა სარედაქციო პროცესში თვითნებური ჩარევისა და ხელყოფის შინაარსს ატარებს.
EMC უახლოეს დღეებში გეგმავს სამოქალაქო დავის ფარგლებში მიმართოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მაია მერკვილაძის, შორენა ღლონტისა და თეონა ბაკურიძის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მაია მერკვილაძისა და შორენა ღლონტის სამსახურში აღდგენა პირვანდელ თანამდებობებზე. ამასთან, თეონა ბაკურიძის საქმეზე ჩვენ მოვითხოვთ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობამდე მისი უფლებამოსილების დროებითი შეჩერების შესახებ ზომის დაუყოვნებლივ შეჩერებას. გარდა ამისა, სასამართლოში უკვე გასაჩივრებულია და ჩვენ გავაგრძელებთ წარმოებას საშტატო განრიგის ცვლილების თაობაზე მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილობასთან დაკავშირებით და ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილების მიღებამდე სარჩელის უზრუნველყოფის სახით ჩვენ ამ გადაწყვეტილების შეჩერებას ვთხოვთ სასამართლოს,” – აღნიშნულია განცხადებაში.