EMC ბულვარში სასტუმროს მშენებლობაზე გაცემული ნებართვის შესწავლის თხოვნით ომბუდსმენს მიმართავს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ბათომის“ სახელით სახალხო დამცველს ბათუმის ბულვარში 19-სართულიანი სასტუმროს კომპლექსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის კანონიერების შესწავლისა და სათანადო რეკომენდაციის გაცემის თხოვნით მიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას EMC ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცადებაშია აღნიშნული, „ბათომი“ და EMC მიიჩნევენ, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ცალსახად უკანონოა და შეუქცევად და არსებით ზიანს აყენებს კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს – ბათუმის ბულვარს.

„მოცემული ნებართვა გაიცა როგორც კულტურული მემკვიდრეობის კანონმდებლობის მოთხოვნების, ასევე სამშენებლო და ადმინისტრაციული კანონმდებლობის უხეში დარღვევებით და სახალხო დამცველს სთხოვს საკითხის შესწავლასა და ზოგადი რეკომენდაციების გაცემას, რათა მოხდეს ბულვარის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაცვა და გადარჩენა“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

 „ამბასადორი ბათუმმა“ ბულვარის ცენტრში, საპროექტო ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების ნებართვა 2018 წელს მოიპოვა, რაც 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენებას გულისხმობდა და რომელიც ამ ტერიტორიაზე მდგარი შენობის ისტორიულ, მხატვრულ-არქიტექტურულ მახასიათებლებს უნდა მორგებოდა.

2021 წლის 21 იანვარს კი კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ტერიტორიაზე ნაცვლად 4-სართულიანი შენობისა, 19-სართულიანი (აქედან, 3 სართული განლაგდება მიწის ქვემოთ) სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის უფლება არსებულ ნებართვაში ცვლილების შეტანის გზით მიეცა.

ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობას უკვე თვეებია აპორტესტებს ადგილობრივი მოსახლეობა, აქტივისტები და არასამათავრობო ორგანიზაციები.