EMC ხელისუფლებას მოუწოდებს ძამას ხეობაში გლეხების ინტერესები დაიცვას

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ძამას ხეობაში მართლმადიდებელი სასულიერო პირების მიერ, სავარაუდოდ, უკანონო გზებით სოფლების საძოვრებისა და მიწების მისაკუთრების პრაქტიკას ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას შეისწავლოს ხეობაში არსებული ვითარება და უზრუნველყოს ადგილობრივი გლეხების სოციალური ინტერესებისა და უფლებების დაცვა.

ორგანიზაციის განცხადებით, ძამას ხეობაში მცხოვრები გლეხების, მათ შორის ეკომიგრანტების სოციალური ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია,

სამართალდამცავმა ორგანოებმა:

  • საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, სამართლიანად და გამჭვირვალედ გამოიძიონ ყინწვისის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი დაპირისპირება;
  • შეისწავლოს ძამას ხეობაში სასულიერო პირების მიერ მიწების მისაკუთრების პრაქტიკა და ამ პროცესში დანაშაულის (მუქარის, იძულების) შესაძლო ნიშნები.

საქართველოს ხელისუფლებამ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ:

  • უზრუნველყოს, რომ ხეობაში არსებული საძოვრების თუ სხვა სახის მიწის ნაკვეთების დაუბრკოლებლად სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეს ადგილობრივი სოფლების მოსახლეობას და ასევე, ხელი შეეწყოს გლეხების მხრიდან უძრავი ქონების რეგისტრაციას;
  • შექმნას სოციალური დაცვის გარანტიები ხეობაში ჩასახლებული ეკომიგრანტი ოჯახებისთვის.

„ბოლო კვირის განმავლობაში, სატელევიზიო ეთერებით გასულმა სიუჟეტებმა კიდევ ერთხელ გამოააშკარავა, რომ ძამას ხეობაში ადგილობრივი ეპარქიისა და სასულიერო პირების ძალაუფლება იდეოლოგიური გავლენების მიღმა, ეკონომიკურ ინტერესებსაც ატარებს და, როგორც ჩანს, ის ძალადობრივი გზების გამოყენებითაც იწარმოება. დომინაციის ეს პრაქტიკა, მათ შორის, მწვავედ ჩანს სოფლის საძოვრების, გლეხების სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების მიტაცებაში სასულიერო პირების მხრიდან. აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობა დიდი ხანია წუხს.“ – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში. განცხადების სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.