EMC-მ „ევოლუშენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ინფორმაციას EMC  ავრცელებს. 

EMC წარმოადგენს კომპანიიდან გამოსაცდელი ვადის პერიოდში გათავისუფლებული 14 თანამშრომლის ინტერესებს და ამტკიცებს, რომ შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ ბოროტად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და უკანონოდ და დაუსაბუთებლად შეწყვიტა მოსარჩელეებთან შრომითი ურთიერთობა, რითაც ზიანი მიაყენა მათ ინტერესებს. ორგანიზაციის განცხადებით, მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვენ.

„პანდემიის გამო, სამეწარმეო საქმიანობის შეზღუდვიდან მალევე, შპს „ევოლუშენ გეიმინგმა“ თანამშრომლების სამსახურიდან მასობრივად დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღო. მოსარჩელეები კომპანიაში თამაშის წარმდგენის პოზიციაზე მუშაობდნენ. გათავისუფლებულთათვის ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის შედეგად ცხადი გახდა, რომ კომპანიამ 1300 დასაქმებულთან, მათ შორის მოსარჩელეებთან, შრომითი ურთიერთობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში ყოველგვარი საფუძვლის მითითებისა და დამატებითი განმარტების გარეშე შეწყვიტა.

გათავისუფლების თაობაზე წერილობით გადაწყვეტილებაში დამსაქმებელი ერთადერთ გარემოებად უთითებს, რომ დასაქმებულს ნებისმიერ დროს შეუძლია გამოსაცდელი ვადის პერიოდში დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

EMC განმარტავს, რომ საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, დასაქმებულთან გამოსაცდელი ვადით ხელშეკრულების დადება მხოლოდ შესასრულებელ სამუშაოსთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით არის გამართლებული.

„გამოსაცდელი ვადის პირობა მხოლოდ ერთჯერადია და არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დამსაქმებელს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული ხელშეკრულება. გარდა ამისა, შრომის სამართალში მოქმედებს პრინციპი უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის თაობაზე, რაც უფლების სამართლიანი გამოყენების ჩარჩოს ადგენს“.

მოცემულ საქმეში მოსარჩელე მხარე ამტკიცებს, რომ შპს „ევოლუშენ ჯორჯიამ“ შრომითი ურთიერთობა გამოსაცდელი ვადის პერიოდში დაუსაბუთებლად და უკანონოდ შეუწყვიტა და მათი სამსახურიდან გათავისუფლებას წინ არ უძღვოდა დაკავებული თანამდებობების შესაბამისობის გამოვლენის რაიმე ტიპის პროცესი.

EMC-ის განცხადებით, კომპანიამ თავიდან აირიდა დასაქმებულებისათვის წინასწარი გაფრთხილების პროცედურის დაცვა და კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, რასაც მას შრომის კოდექსი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ავალდებულებდა.