EMC-მ გაეროს კომისარს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე ანგარიში წარუდგინა

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლეს კომისარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე მოკლე ანგარიში წარუდგინა.

EMC წერს, რომ ანგარიშში მიმოხილულია 2019 წლის სექტემბერში ახალგორის ჩაკეტვის შემდეგ შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი, გადაადგილების თავისუფლების უკანონო და თვითნებური შეზღუდვის შედეგად შექმნილი მძიმე უფლებრივი და სოციალური მდგომარეობა.

EMC-ის ცნობით, ანგარიშში საუბარია თვითნებური დაკავების გახშირებულ შემთხვევებზე, მათ შორის ახალგორის იზოლაციის პირობებში ამგვარი შემთხვევების გახშირებაზე და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების საქმეზე. ასევე, აღწერილია Covid-19 პანდემიის პირობებში ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება.

„ყურადღება გამახვილებულია ცხინვალის რეგიონში არსებულ იზოლაციის პოლიტიკაზე, რომელმაც ადგილობრივებს დროული და ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა. გარდა ამისა, საუბარია დე ფაქტო ხელისუფლებების მხრიდან ცრუ ინფორმაციის გავრცელების პრაქტიკაზე, რომელიც საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას ადანაშაულებდა ვირუსის გავრცელებაში“, – წერს ორგანიზაცია.

ანგარიში ასევე ეხება ახალგორელი აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ სამი წლის განმავლობაში მიმდინარე დევნის საქმეს. EMC აღნიშნულ საქმეზე სარჩელს ამზადებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარსადგენად.

ანგარიში დეტალურად იხილეთ ბმულზე.