EMC მაჩალიკაშვილის საქმეზე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას აფასებს

პუბლიკა

დღეს, 13 იანვარს EMC-მ და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახმა გამართეს პრესკონფერენცია, რომელზეც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალაზე ისაუბრეს.

EMC-ს შეფასებით, საგამოძიებო ორგანომ  ვინც ესროლა და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელები დაგვიანებით და ფორმალურად გამოკითხა. ასევე მათ მიმართ არ არის დასმული საქმეზე სიმართლის დასადგენად მნიშვნელოვანი და კრიტიკული შეკითხვები.

„სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვა აჩვენებს ერთმანეთთან ფუნდამენტურ შეუსაბამობას. არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. აღსანიშნავია, რომ ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულაბაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილს იმყოფებოდნენ”, – აცხადებს EMC.

EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ გამოავლინა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ:

  1. სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე.
  2. სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მისი შემდგომი მონიტორინგის პროცედურები.
  3. გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის, კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა.
  4. ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც ერთი მხრივ, გაფრთხილების არგამოყენების და მეორე მხრივ, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა, ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არგამოყენების გარემოებები ადასტურებს.
  5. სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

ორგანიზაციის შეფასებით,  მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია და გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.