EMC: მაჩალიკაშვილის საქმეზე სუს-ის ხელმძღვანელთა გამოკითხვის ოქმები აჩვენებს, რომ კითხვები ფორმალური იყო

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) განცხადებით, მათ სუს-ის ხელმძღვანელთა გამოკითხვის ოქმები მიიღეს.

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ჩანაწერები აჩვენებს, რომ მაჩალიკაშვილის საქმეზე პროკურატურას სუს-ის მაღალი თანამდებობის პირებისთვის კრიტიკული შეკითხვები არ დაუსვამს. მათ შორის, სპეცოპერაციის დაგეგმვაზე, მტკიცებულებების მოპოვებისა და განადგურების წესის სავარაუდო დარღვევების შესახებ.

EMC-ის შეფასებით, გამოკითხვამ აჩვენა, რომ სპეცოპერაცია რისკისა და საჭიროებების სათანადო შეფასება-ანალიზის გარეშე ჩატარდა.

„პანკისის ხეობაში დასაკავებელი პირების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის რისკი სუს-მა მხოლოდ 2018 წლის 21-22 ნოემბერს ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციიდან მომდინარე ვარაუდს დაუკავშირა და სპეცრაზმის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება სუს-ის ხელმძღვანელისა და შესაბამისი დეპარტამენტების წარმომადგენლების მხოლოდ ზეპირ კონსულტაციებს დააფუძნა“, – ნათქვამია EMC-ის განცხადებაში.

ასევე EMC-ის განცხადებით, სუს-ის მაღალი თანამდებობის პირების განმარტებებმა აჩვენა, რომ ამ სისტემაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, მათ შორის, სპეცრაზმისა და ლეტალური ძალის გამოყენების შესახებ, სათანადო ანალიზისა და ადეკვატური სამართლებრივი სტანდარტების გარეშე მიიღება.

ჩანს, რომ პრობლემურია სათანადო კოორდინაცია და არ არსებობს ფორმალურად გაწერილი პროცედურული სტანდარტები, რაც ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკს ქმნის.

EMC კიდევ რამდენიმე პრობლემურ საკითხს გამოყოფს:

  • „თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახს და მათ ადვოკატებს ამ დრომდე არ აქვთ წვდომა საქმის მნიშვნელოვან მასალებზე. კერძოდ, ისინი ვერ ეცნობიან სპეცრაზმის იმ წევრების გამოკითხვის ოქმებს, რომლებიც ძალის გამოყენების ეპიზოდს დეტალურად აღწერს. ამ ოქმების გაცნობა ოჯახს და თემირლან მაჩალიკაშვილის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შესახებ სუს-ის უსაფუძვლო ვერსიაზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მოთხოვნისა და მნიშვნელოვანი კითხვების დასმის შესაძლებლობას მისცემდა.
  • ახალმა მტკიცებულებებმა საბოლოოდ ასევე დაადასტურა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს სამედიცინო დახმარება მინიმუმ 25 წუთის დაგვიანებით აღმოუჩინეს. ასევე, დაირღვა დაზიანებების დოკუმენტირების წესი, რის გამოც შეუძლებელი გახდა სროლის მანძილის განსაზღვრა.“