ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) 23 მარტს კარანტინის რეჟიმის გამოცხადების შემდეგ მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შექმნილ მძიმე სოციალურ მდგომარეობას აფასებს და მუნიციპალიტეტებში შექმნილი ვითარების შესახებ მონიტორინგის შედეგების დოკუმენტს აქვეყნებს. EMC საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეიმუშაოს კრიზისულ ვითარებაში სოციალური მხარდაჭერის ადეკვატური პოლიტიკა და უზრუნველყოს კარანტინის რეჟიმში მყოფი რეგიონების ეფექტიანი ჰუმანიტარული მხარდაჭერის პროგრამების დანერგვა.
3 კვირის განმავლობაში EMC-ის 100-მდე ოჯახი დაუკავშირდა, დახმარების თხოვნით. მომართვების ყველაზე დიდი ნაწილი სახელმწიფოსგან ჰუმანიტარული მხარდაჭერის მიღებისა და მძიმე სოციალური საჭიროებების გადაჭრის თხოვნას უკავშირდებოდა, რაც მუნიციპალიტეტებში შექმნილ სოციალურ და ჰუმანიტარულ კრიზისზე მიუთითებს.
EMC-ს მონიტორინგის შედეგად, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში შემდეგი პრობლემები ვლინდება:
-
მონიტორინგით იკვეთება, რომ ბევრ სოფლში ან საერთოდ არ არის სასურსათო მაღაზია, ან იქ არსებული პროდუქტი იმდენად მწირია, რომ ვერ აკმაყოფილებს სოფლის მოსახლეობის საჭიროებას. ასევე, სოფლების ძირითად ნაწილში არ არის აფთიაქი.
-
კარანტინის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა. ამ რეალობაში არც ადგილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლება არ აღმოჩნდა მზად, სათანადოდ ეპასუხა შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახების საჭიროებებისთვის. სოციალურად დაუცველი ოჯახების სტანდარტული მხარდაჭერის გარდა, სახელმწიფოს არ დაუნიშნავს უმუშევრობის შემწეობა ან სხვა სოციალური მხარდაჭერის პროგრამები შემოსავლის გარეშე დარჩენილი ოჯახებისთვის. ადგილობრივი თვითმმართველობების ერთჯერადი ჰუმანიტარული მხარდაჭერა კი მწირი, ფრაგმენტული და შეზუდულია. ადგილობრივ თვითმმართველობების სოციალური პოლიტიკა ქველმოქმედების ფორმას უფრო ატარებს.
-
მონიტორინგისას არაერთმა მოქალაქემ აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარება რიგდება უსამართლოდ და ჩანს ნეპოტიზმის ნიშნები. განსაკუთრებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ჰქონდა განცდა, რომ მერია არასათანადოდ რეაგირებს მათ მოთხოვნებზე და რესურსებსაც უსამართლოდ ანაწილებს.
-
არაერთმა მოქალაქემ მოგვმართა, რომ როდესაც ისინი პირდაპირ უკავშირდებიან მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ პირს თავიანთი პრობლემებით, მისგან უხეშ და არასათანადო პასუხს იღებენ.
-
EMC-ის ცხელ ხაზზე მომართეს ისეთმა ადამიანებმაც, რომლებიც მუნიციპალიტეტს გარეთ, ძირითადად, თბილისში იყვნენ დასაქმებულები და საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებისთანავე დაკარგეს სამუშაო. გარდა ამისა, ბევრი თბილისში დასაქმებული დარჩა დედაქალაქში, სადაც უწევს იხადოს ბინის ქირაც, მაშინ, როცა დღეს ყოველგვარი საარსებო საშუალების გარეშე არიან დარჩენილები. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი მათ მარნეულისა და ბოლნისის ადმინისტრაციებში ამისამართებს, მათი რეგისტრაციის შესაბამისად და არანაირ დახმარებას არ უწევს. თუმცა ეს ადამიანები ვერც მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან იღებენ დახმარებას.
განცხადების სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.