ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე შესაძლოა, გენერალური პროკურორი გახდეს. საპროკურორო საბჭოს განცხადებით, მისი კანდიდატურა საბჭოს საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა წარუდგინა.
არასამთავრობი ირგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე.
EMC მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს:
- მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე;
- საზოგადოებისთვის დროულად გახადოს ხელმისაწვდომი სრული ინფორმაცია გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატთა შესახებ;
- დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
- წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი
ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებრივი ნდობის არარსებობის მაჩვენებელია ის, რომ განსაკუთრებით დაბალია გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობა.
„ბუნდოვანი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს საპროკურორო საბჭოს მიერ ღია და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას, პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის არჩევის წესი არ არის დაფუძნებული პოლიტიკურ კონსენსუსზე ორიენტირებულ პროცედურებზე და ვერ ქმნის სამართლიანი და პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებობას“, – აცხადებს EMC.
როგორც EMC აცხადებს, „ხორავას ქუჩის“ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები და დარღვევების მასშტაბი პირდაპირ უთითებდა მთავარი პროკურორის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ამ პროცესში, რაც შესაძლებელია გამოხატული იყო შოთაძის უშუალო მონაწილეობაში ან მისი მხრიდან სისტემის არასათანადო მართვაში რამაც შესაძლებელი გახადა სარალიძის საქმეზე სიმართლის დადგენის პროცესში პროკურატურის მაღალჩინოსნების უკანონო ზეგავლენა.
„ირაკლი შოთაძის გადადგომა მისი მხრიდან პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღიარებას გულისხმობდა, რაც მისი როგორც მთავარი პროკურორის ლეგიტიმაციის არარსებობას უკავშირდებოდა. ამ ფონზე, შოთაძის კანდიდატურას არ აქვს საზოგადოებრივი ნდობა და გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვა ქმნის სისტემის პოლიტიზირების კიდევ უფრო გაძლიერების რისკს და ანულებს პოლიტიკური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და შინაარსს, რაც შეუძლებელს უნდა ხდიდეს სისტემურ ჩავარდნაზე პასუხისმგებელი ფიგურების იმავე პოზიციაზე დაბრუნებას“, – აცხადებს EMC
EMC ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ „ხორავას ქუჩის“ საქმე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და ბოლომდე არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ საქმის სამართალწარმოებაში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელობას.
„ამავდროულად, შოთაძის ხელმძღვანელობის პირობებში, პროკურატურამ არ გამოიძია არაერთი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმე, მათ შორის თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეები“.
ორგანიზაციის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასათვალისწინებელია წინასაარჩევნო პოლიტიკური კონტექსტი და პოლიტიკური ოპონენტების და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების საქმეები, რომელიც პროკურატურის პოლიტიზირების შესახებ ყველაზე მაღალ ეჭვებს აჩენს.
„ცხადია, რომ წინასაარჩევნო კონტექსტში სისხლის სამართლებრივი დევნის აპარატის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრევენციისთვის და კანონის უზანესობის და დემოკრატიის პრინციპების დაცვისთვის არსებითად მნიშვნელოვანია გენერალური პროკურორის თანამდებობაზე მაღალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსის და ნდობის მქონე პირი დაინიშნოს“, – აცხადებს EMC
ირაკლი შოთაძე გენერალურ პროკურატურას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან აღნიშნული თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება „ხორავას საქმეზე“ დაწყებული პროტესტის შემდეგ მიიღო.
გენერალური პროკურორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო გენპროკურორმა, შალვა თადუმაძემ პოსტი დატოვა. შემდეგ კი ის უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აირჩიეს.