EMC მოუწოდებს შსს-ს, შეწყვიტოს კომენდანტის საათის დროს უსახლკაროთა დაჯარიმება

პუბლიკა

EMC ეხმაურება 10 ნოემბერს, კომენდანტის საათის დროს საპატრულო პოლიციის მიერ  უსახლკარო პირის, მამუკა დიაკონიძის დაჯარიმების ფაქტს და სამინისტროს მოუწოდებს, შეწყვიტოს ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო ჯგუფების მიმართ რეპრესიული ღონისძიებები  და მის ნაცვლად მიიღოს ყველა ზომა მათი თავშესაფრის უზრუნველყოფის მიზნით სოციალური და მუნიციპალური სამსახურების ჩასართავად. გთავაზობთ EMC-ის განცხადებას:

„მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად მდგარი პირი, მთავრობის მიერ 9 ნოემბრიდან შემოღებული დამატებითი შეზღუდვის, ე.წ. კომენდანტის საათის (რაც თავის მხრივ პრობლემური მზღუდავი ღონისძიებაა მისი ფორმალურ-სამართლებრივი კანონიერების თვალსაზრისით) დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს. როგორც მოქალაქე და მისი ადვოკატი მიუთითებენ, იგი უსახლკარო, სოციალურად დაუცველი და შშმ პირია, თუმცა ეს გარემოება არ აღმოჩნდა მისთვის ჯარიმის გამოწერის თავიდან აცილების საფუძველი. სამწუხაროდ, ეს შემთხვევა კომენდანტის საათის დარღვევის გამო უსახლკარო პირების დაჯარიმების პირველ ფაქტს არ წარმოადგენს. მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში, ბათუმში უსახლკარო პირი ნაქირავებ ავტომობილში ღამის გათევისთვის 3000 ლარით დააჯარიმეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ცალკეული შემთხვევების შესახებ, ქმნის დასაბუთებულ ვარაუდს, რომ საპატრულო პოლიცია ქუჩაში მცხოვრები პირების მიმართ დაჯარიმების პრაქტიკას მიმართავს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ითვალისწინებს იმ გარემოებას რომ თავშესაფრის არმქონე პირებისათვის საჯარო სივრცე ერთადერთი ადგილია სადაც მათ ფიზიკურად ყოფნა შეუძლიათ, რაც დაუშვებელია გახდეს მათი დაჯარიმების საფუძველი.

უსახლკარობის პრობლემა და განსაკუთრებით თავშესაფრის არმქონე პირების მწვავე საჭიროებები კიდევ უფრო ცხადი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში რამდენადაც თავშესაფრის არქონა ან არასათანადო საცხოვრისი პირდაპირ დაუკავშირდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის განსაკუთრებულად მაღალ რისკებს. უსახლკარო პირების  დაუცველობიდან და მასთან დაკავშირებული თვითიზოლაციის შეუძლებლობიდან გამომდინარე, სათანადო საცხოვრებელზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა სახელმწიფოებს მოუწოდა, პანდემიის გათვალისწინებით დაუყოვნებლივ მიიღონ ეფექტიანი ღონისძიებები უსახლკაროთა დაცვისა და მხარდაჭერისთვის, მათ შორის, უსაფრთხო საცხოვრისებით უზრუნველყოფის გზით.

ამასთან, სპეციალურმა მომხსენებელმა დაუშვებლად მიიჩნია საცხოვრისის არქონის გამო ადამიანების დასჯა ვირუსის შეკავების ღონისძიებების (მათ შორის, კომენდანტის საათის) ფარგლებში.

საქართველოში საცხოვრისის პოლიტიკის არარსებობისა და მინიმალური მხარდაჭერითი  სერვისების არარსებობის პარალელურად, კიდევ უფრო შემაშფოთებელია სახელმწიფოს დამოკიდებულება მიუსაფარი პირების მიმართ. მათთვის სოციალური უსაფრთხოების და თავშესაფრის სერვისების შეთავაზების ნაცვლად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს მათ კრიტიკულ და ბაზისურ საჭიროებებს და საპასუხოდ სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს. ვირუსის უპრეცედენტოდ მაღალი გავრცელებისა და ქვეყანაში არსებული კრიზისის ფონზე, ზრუნვის ნაცვლად სახელმწიფო სჯის ადამიანებს უსახლკარობისთვის და პრაქტიკულად მიუსაფარ პირებს არ უტოვებს საჯარო სივრცეებს არსებობისთვის.

სახელმწიფოს მიდგომა რომელიც სოციალური მხარდაჭერის ნაცვლად სადამსჯელო მექანიზმებს იყენებს მწვავე პანდემიური კრიზისის პირობებშიც კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენს. პანდემიის მიმდინარეობისას მთავრობის საქმიანობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უზრუნველყოფა, ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის კანონიერი და პროპორციული  ღონისძიებების დაწესება და აღსრულება უნდა იყოს, თუმცა, ამ პერიოდში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ დასჯის ნაცვლად ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებით და შეწყვიტოს მიუსაფარი ჯგუფების მიმართ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დაჯარიმების ან/და სხვაგვარი სადამსჯელო ღონისძიებების გატარების პრაქტიკა;
  • მუნიციპალიტეტებთან და სოციალურ სამსახურთან თანამშრომლობით, უმოკლეს დროში უზრუნველყოს მიუსაფარი პირების პროაქტიური იდენტიფიცირება და მათი გადაყვანა უსაფრთხო თავშესაფრებში სადაც მათ ექნებათ წვდომა მინიმალურ სერვისებზე;

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:

  • გაატაროს დროული და ეფექტიანი პოლიტიკა უსახლკარო პირების ბაზისური სოციალური უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვისა და სათანადო საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის”, – წერს EMC.