EMC ნამახვანჰესის წინააღმდეგ ხვალინდელი აქციის შესახებ სახელმწიფო უწყებებს მიმართავს

პუბლიკა

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ეხმაურება, ხვალ, 28 თებერვალს ნამახვანჰესის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას, სოლიდარობას უცხადებს რიონის ხეობის მოსახლეობას და უერთდება მათ.

ამასთან, ორგანიზაცია მოუწოდებს შესაბამისს უწყებებს, უზრუნველყონ აქციის მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლების განუხრელი დაცვა და შეკრების ადგილის მიმართულებით მონაწილეთა თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა.

სოფელ ოფურჩხეთის ნაცვლად ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია ხვალ, 28 თებერვალს პირველ საათზე ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე გაიმართება.

„შემაშფოთებელია ადგილობრივ მოსახლეობაში შექმნილი მოლოდინი, რომ აქციის ოფურჩხეთში (ვიწრო ხეობაში) გამართვის შემთხვევაში რთული იქნებოდა მონაწილეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც უკანასკნელ პერიოდში კომპანიის წარმომადგენლების/დასაქმებულების (მათ შორის, პროექტის ხელმძღვანელის) მიერ გახშირებულ პროვოკაციულ მოქმედებებსა და ხეობაში დიდი საპოლიციო ძალების მობილიზებას უკავშირდება”, – წერს EMC.