EMC პარტიების წინასაარჩევნო ხედვაში კონფლიქტის რეგიონებისა და ადამიანის უფლებების საკითხს აფასებს 

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს შეფასებას, როგორაა წარმოდგენილი პარტიების წინასაარჩევნო ხედვაში კონფლიქტის რეგიონები და ადამიანის უფლებები.

ორგანიზაციის შეფასებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და კონფლიქტის მოგვარების საკითხი პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებში გამოტოვებული არ არის, თუმცა, ისინი ვერ გვთავაზობენ არსებითად ახალ, ტრანსფორმაციულ მიდგომებს, რომლებიც კონფლიქტების მოგვარების ეტაპობრივ და რეალისტურ ხედვას გააჩენდა.

EMC-ში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხედვა კონფლიქტის მოგვარებასთან და იქ ადამიანების უფლებების დაცვის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად არ ჩანს მმართველი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში.

„მმართველ პოლიტიკურ გუნდს არ აქვს ხედვა, კონკრეტულად რა ზომებს უპირისპირებს „მცოცავი ოკუპაციის“ პრობლემას და როგორ პასუხობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისს. „ქართული ოცნების“ მართველობის პერიოდში გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებისა და იზოლაციის შემთხვევების გახშირებამ ჰუმანიტარული კრიზისის არაერთი ტალღა გააჩინა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლებიც არა მხოლოდ ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ქალაქებსა და დაბებს, არამედ, აფხაზებს და ოსებსაც შეეხოთ. ამ გამოცდილების გათვალისწინებით გასაკვირია, როცა კვლავ ბუნდოვანი რჩება მმართველი გუნდის ხედვა, როგორი აპირებს მართოს მსგავსი კრიზისები, რა მექანიზმებით უნდა გააუმჯობესოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და ზოგადი ჰუმანიტარული სიტუაცია”, – ნათქვამია შეფასებაში.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაციის და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფლებების დაცვის ახალი ხედვით არც სხვა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამები გამოირჩევა.

„ოპოზიციური პარტიების გეგმები ამ მიმართულებით კვლავ ითვალისწინებს არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას, „ოკუპაციის“ როგორც ტერმინის შენარჩუნებას საერთაშორისო დოკუმენტებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორებთან აქტიური ადვოკატირების გაგრძელებას რუსეთისთვის, როგორც ოკუპანტი ძალისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად.

ასევე გათვალისწინებულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის შენარჩუნება, დევნილებისთვის დასაქმებისა და საცხოვრისის პრობლემის მოგვარების სხვადასხვა ინიციატივა. პოლიტიკური პარტიები „მცოცავი ოკუპაციის“ შესაჩერებლად საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების ზომების გაზრდას, პატრულირების გაძლიერებას, ვიდეოთვალთვალის დაწესებას გეგმავენ. წინასაარჩევნო პროგრამებში ასევე საუბარია ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის ამოქმედებაზე, რომელიც მცოცავი ოკუპაციის შეჩერების ერთ-ერთ მექანიზმად ესახებათ.

გარდა ამისა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ პროგრამები აღიარებენ ნდობის აღდგენის მნიშვნელობას და პირდაპირი დიალოგის დაწყებას აფხაზებსა და ოსებთან. თითქმის ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლა და შესაბამისი ბენეფიტების გაზიარება/შეთავაზება აფხაზებისთვის და ოსებისთვის კონფლიქტის მოგვარების წინაპირობაა“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ შეფასებაში.

მათვე შეფასებით, პოლიტიკური პარტიები ასევე ვერ გვთავაზობენ, თუ რა მექანიზმებით აპირებენ ადამიანის უფლებების დაცვას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხედვა არ არსებობს არც შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმების დანერგვაზე: „აქვე ნიშანდობლივია, რომ როდესაც უფლებების დაცვის პრობლემაზე ვსაუბრობთ, აქცენტი მეტწილად კეთდება ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და უფლებების დარღვევის პრაქტიკაზე, რაც, ცხადია, გვაშორებს ნდობის აღდგენის და შერიგების მიზნებს, რომელიც გამაერთიანებელი იდეის მხარდაჭერას ითხოვს”.ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პოლიტიკური პარტიების პროგრამები დეოკუპაციისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოლიტიკის შესახებ მეტწილად მოძველებულ ხედვას ეფუძნება და გამოტოვებულია ის ცვალებადი პოლიტიკური და სოციალური გარემო, რომელიც ამ რეგიონებში არსებობს. პროგრამები ასევე არ ეფუძნება ადგილობრივი კონტექსტიდან ამოზრდილ ახალ პოლიტიკურ ალტერნატივებსა და ხედვას, რომელიც კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის მშენებლობასა და შერიგებას, ასევე ორივე მხარეს ადამიანის უფლებების დაცვასა და კეთილდღეობას შეუწყობდა ხელს.