EMC „სალამის“ სოლიდარობის ნიშნად უარს აცხადებს ინტეგრაციის სტრატეგიის შემუშავების შეხვედრაში მონაწილეობაზე

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება ინტეგრაციის 2021-2024 წლების ახალი სამთავრობო სტრატეგიის შემუშავების პროცესისთვის დაგეგმილ სტრატეგიულ შეხვედრაში პლატფორმა „სალამის“ ჩართვაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის უარს და სოლიდარობის ნიშნად EMC-ც უარს აცხადებს დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობაზე.

„ჩვენი მოსაზრებით, პლატფორმა „სალამი“ საქართველოს აზერბაიჯანელი აქტივისტების უნიკალური გაერთიანებაა, რომელიც ცდილობს არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებების, წუხილებისა და უფლებების პოლიტიკურ დღის წესრიგში აქტიურ დაყენებას და თემის დემოკრატიული თვითორგანიზებისა და სოლიდარობის შენების ხელშეწყობას.

სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ სახელწიფო ინსტიტუტები „სალამს“ და მის მსგავს გაერთიანებებს სამუშაო, საკონსულტაციო და სხვა პოლიტიკურ პლატფორმებში პატივისცემით იწვევდნენ, უსმენდნენ და მათ მოსაზრებებს ითვალისწინებდნენ, სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესისთვის დაგეგმილ სტრატეგიულ შეხვედრაში მონაწილეობაზე პლატფორმა „სალამს“ სრულიად დაუსაბუთებელი უარი განუცხადა.

ამასთან, EMC მოუწოდებს სახელმწიფო მინისტრის აპარატს გაიაზროს ეთნიკური უმცირესობების თემებში ახალგაზრდების თვითორგანიზებისა და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობა და მისი სამუშაო ფორმატები უფრო ინკლუზიური, დემოკრატიული და განჭვრეტადი გახადოს. მათ შორის, პლატფორმა სალამი დაუშვას მის მიერ ორგანიზებულ გენერალურ თუ რეგიონალურ შეხვედრებზე.

თავის მხრივ, EMC გააგრძელებს ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის პროცესში მონაწილეობას და მთავრობისა და სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ რეალურად დემოკრატიული და ინკლუზიური ფორმატებით ორგანიზებულ შეხვედრებში მონაწილეობის მზადყოფნას გამოთქვამს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადებას გაეცანით ვრცლად ბმულზე;


პლატფორმა „სალამი“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის 2021-2024 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობის პროცესის არაინკლუზიურობას გამოეხმაურა და წერილი სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„სამწუხაროდ, ჩვენი დაკვირვებით, 2021-2024 წლის სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში, სწორედ რომ შეინიშნება არასისტემური და კრიტრიუმების გარეშე მუშაობის ნიშნები, “ – ვკითხულობთ „სალამის“ განცხადებაში.

სამოქალაქო პლატფორმა „სალამი“ არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიერ შეიქმნა. „სალამის“ ერთ-ერთი მისიაა, ორგანიზება გაუწიოს ეთნიკურ უმცირესობებს, რათა მათ შეინარჩუნონ საკუთარი კულტურული მემკვიდრეობა, ისტორია და იდენტობა.