EMC საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის გასაუბრების პროცესს ეხმაურება

პუბლიკა

დღეს, 4 თებერვალს, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის ფარგლებში, ირაკლი შოთაძეს მოუსმინა. EMC საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის გასაუბრების პროცესს ეხმაურება.

„საკუთარ სტრატეგიასა და ხედვაზე საუბრის დროს, ირაკლი შოთაძე თავს არიდებდა იმ რეზონანსულ საქმეებზე საუბარს, რამაც რეალურად შექმნა საზოგადოების დამოკიდებულება მთლიანად პროკურატურის და მისი, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის მიმართ. მათ შორის, კანდიდატს სათანადოდ არ გაუმახვილებია ყურადღება თემირლან მაჩალიკაშვილის და აფგან მუხთარლის საქმეებზე, ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე, ,,ხორავას ქუჩის“ საქმეზე, რის გამოც თავის დროზე მან გენერალური პროკურორის თანამდებობა დატოვა. გასათვალისწინებელია, რომ ,,ხორავას ქუჩის“ საქმეზე ამ დრომდე არ არის საბოლოო შედეგები დამდგარი პროცესში მონაწილე პირების მიმართ და არ არის გამოკვეთილი, რა პასუხისმგებლობა ჰქონდათ საქმის სამართალწარმოებაში გამოვლენილ ხარვეზებზე კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებს.

ამ ფონზე, კანდიდატს არ ჰქონია მცდელობა უშუალოდ აეხსნა საზოგადოებისთვის, სისტემაში მისი დაბრუნების შემთხვევაში, რა გზით შეძლებდა არსებული პრობლემების მოგვარებას და კონკრეტული მძიმე საქმეების გამოძიებას. უწყების მიმართ კრიტიკულად დაბალი საზოგადოებრივი ნდობის საპირწონე არგუმენტი კანდიდატისთვის, მხოლოდ უწყებაში არსებული მძიმე პოლიტიკური მემკვიდრეობა იყო“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს:

  • მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე;
  • დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება;
  • წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი.