EMC შსს-ს და პროკურატურას კოხრეიძის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართავს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას აჭარის მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით მიმართა.

EMC-ის შეფასებით, გიორგი კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდგომ, სავარაუდოდ, დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნა და ალტერნატიული პროფესიული კავშირის საქმიანობის ხელშეშლა მიმდინარეობს, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად დასჯადი ქმედებაა.

შეგახსენებთ, რომ კოხრეიძემ თანამდებობაზე დანიშვნისთანავე სამსახურიდან  დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მოტივით გაათავისუფლა  კრიტიკულად განწყობილი რამდენიმე თანამშრომელი, თანამშრომელთა ნაწილს კი უფლებამოსილებები შეუზღუდა და ჩამოაშორა არხის სარედაქციო პოლიტიკას.

სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, დაუსაბუთებელი საფუძვლით სამსახურიდან გათავისუფლდა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, ხოლო მისი მოადგილე მაია მერკვილაძე ტელევიზიიდან გადაყვანილი იქნა რადიოში და ფაქტობრივად ჩამოშორდა სარედაქციო პოლიტიკას. ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო ჟურნალისტი თეონა ბაკურიძე დირექტორის გადაწყვეტილებით ჯერ ეთერიდან მოხსნეს, შემდეგ კი რამდენიმე დღეში სამსახურიდან დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდა. უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინ მედიის სამსახურის უფროსს სოფო ჟღენტს და დირექტორმა მას სრულად აუკრძალა საინფორმაციო ამბების კონტენტის ვებგვერდზე განთავსება. ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე სამუშაოდ გადაყვანილი იქნა ქუთაისის არარსებულ ბიუროში. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო ჟურნალისტი თეონა თურმანიძე აგრეთვე დირექტორის გადაწყვტილებით გარკვეული დროით ჩამოაშორეს ეთერს. 2020 წლის 11 მაისს კი დირექტორის ბრძანებით, აგრეთვე სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო სამსახურიდან გათავისუფლდა მაუწყებლის თანამშრომლების ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე მალხაზ რეხვიაშვილი, რომელიც ამავდროულად გადაცემა „ჰეშთეგის“ წამყვანი იყო და როგორც პროფკავშირის თავმჯდომარე დირექტორის მიღებულ გადაწყვეტილებებისგან პროფაკვშირის წევრებს იცავს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილება შეეხო მხოლოდ ალტერნატიული პროფესიული კავშირის წევრებსა და იმ დასაქმებულებს, რომლებიც ღიად გამოხატავენ კრიტიკას და უკმაყოფილებას საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების მიმართ და ორგანიზდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის დაცვისთვის.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაციის განცხადებაში ვკითხულობთ, გ. კოხრეიძის მიერ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგია, დინამიკა და შინაარსი სწორედ თანამშრომლების დევნაზე მიუთითებს.

„გიორგი კოხრეიძის ქმედებებში დევნის მიღმა, სავარაუდოდ, იკვეთება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლა) მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რამდენადაც დგინდება, რომ ალტერნატიული პროფკავშირის შექმნის შემდგომ კოხრეიძე პროფკავშირის წევრებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში დაბრკოლებებს უქმნის, მან მოითხოვა მედიაციისა და კოლექტიური შრომითი დავის პროცესის შეწყვეტა, რომელიც პროფკავშირის ინიცირებული იყო და მისვე გადაწყვეტილებით სამსახურიდან გათავისუფლდა პროფკავშირის თავმჯდომარე”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მოუწოდებს

  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს გიორგი კოხრეიძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესზე ეფექტიანი მონიტორინგი გასწიოს შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა;
  • საქართველოს პროკურატურას უზრუნველყოს გამოძიების პროცესზე ეფექტური, მიუკერძოებელი საპროკურორო ზედამხედველობა და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი კოხრეიძის მიმართ.

EMC აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესებს გამოძიების ფარგლებში დაიცავს და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას.