EMC სხვადასხვა ქალაქში გარემოვაჭრეების დახლების აღების ფაქტს ეხმაურება

პუბლიკა

EMC სხვადასხვა ქალაქში  გარემოვაჭრეების დახლების აღების ფაქტს ეხმაურება და მოუწოდებს მუნიციპალიტეტებსა და საქართველოს მთავრობას, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რათა მძიმე სოციოეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი გარემოვაჭრეები და სხვა თვითდასაქმებულები არ აღმოჩნდნენ არსებობისათვის აუცილებელი შემოსავლის გარეშე.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქართველოს არაერთ ქალაქში გარემოვაჭრეების  აგრარული ბაზრები დაიხურა. ბოლო შემთხვევა გუშინ, 16 აპრილს, გორში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლება განმარტავს, რომ გარევაჭრობის აღკვეთის მთავარი მიზანი COVID19-ის ვირუსის გავრცელების აღკვეთა და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რამდენადაც გარემოვაჭრეები და სურსათის მყიდველები ვერ იცავენ სოციალურ დისტანციას.

„საქართველოს მთავრობის დადგენილება „კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ არ კრძალავს სურსათით ვაჭრობას,საგანგებო მდგომარეობის პირობებში ფუნქციონირებას განაგრძობენ ქსელური სუპერმარკეტები, განსხვავებით გარემოვაჭრეებისა და ბაზრობებისა, რომელთაც უსაფრთხო პირობების შექმნის დათქმითაც კი არ მიეცათ საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. მეტიც, უახლოეს პერიოდში გარემოვაჭრეთათვის ფინანსური სანქციის დაკისრების თაობაზე არაერთი ინფორმაცია გავრცელდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

EMC მოუწოდებს

მოვუწოდებთ:

გორის მუნიციპალიტეტის მერიას:

  • მოსინჯოს ყველა საშუალება, რათა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სავალდებულო რეკომენდაციების დაცვით, გარემოვაჭრეებმა შეძლონ ვაჭრობის გაგრძელება;
  • შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითდასაქმებულ გარემოვაჭრეთა საჭიროებები და სოციალური მდგომარეობა და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს გარემოვაჭრეთა სოციალური დაცვა, მათ შორის ინფრასტრუქტურის დემონტაჟის შედეგად გარემოვაჭრეთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
  • გარემოვაჭრეების ეკონომიკური მდგომარეობისა და ზოგადი სოციალური კონტექსტის გათვალისწინებით, გადადგას ყველა გონივრული და ადეკვატური ნაბიჯი გარემოვაჭრეთამხარდაჭერის, მათ შორის სარეალიზაციო პროდუქციის უსაფრთხოების მიზნით;

 

საქართველოს მთავრობას:

  • მხარდაჭერა აღმოუჩინოს თვითდასაქმებულებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული სასესხო ვალდებულებების რესტრუქტურიზაციაში;
  • ფორსმაჟორული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან კოორდინირებული მუშაობით, უზრუნველყოს სასესხო ვალდებულებებზე ჯარიმების დარიცხვაზე მორატორიუმის დაწესება;.
  • შეიმუშავოს სრულყოფილი ხედვა, რომელიც გაითვალისწინებს შემოსავლების გარეშე დარჩენილი და განსაკუთრებული სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების მქონე ჯგუფების, მათ შორის გარემოვაჭრეებისა და სხვა თვითდასაქმებული ადამიანების მხარდაჭერას.