ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და თბილისის მერიას, მიიღოს დროული და ეფექტიანი ზომები საჭიროების მქონე სტუდენტების სოციალური დაცვისა და მხარდაჭერის, მათ შორის, ქირით უზრუნველყოფისა და სასწავლო საფასურის გადახდის გადავადების მიზნით.
მათი თქმით, საერთო სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების ფონზე განსაკუთრებით მოწყვლად სოციალურად დაუცველ ჯგუფს საქართველოს სხვადახვა რეგიონში მცხოვრები სტუდენტები შეადგენენ, რომლებიც თბილისში იღებენ განათლებას და ამ ეტაპზეც დედაქალაქში იმყოფებიან.
„იმ პირობებში, როდესაც განათლების პოლიტიკა სათანადოდ არ პასუხობს სტუდენტების სოციალურ საჭიროებებს და არ ითვალისწინებს სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლისა და სტიპენდიების სათანადო რესურსებს, სტუდენტების დიდი ნაწილი საკუთარი ბაზისური სოციალური საჭიროებების (ქირა, სწავლის საფასური, საკვები) დაკმაყოფილების მიზნით, მძიმე პრეკარიატულ შრომაშია ჩართული.
პანდემიის პირობებში მათმა უმრავლესობამ სამსახური დაკარგა, რაც ცხადია, რომ მათ საცხოვრისის დაკარგვისა და სწავლის საფასურის გადაუხდელობის რისკის წინაშე აყენებს“, – წერს EMC.
მათი თქმით, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასევე იმ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები, რომელთა ქალაქები და სოფლები იზოლირებულია დე ფაქტო საზღვრების ჩაკეტვისა და კარანტინის რეჟიმის გამო.
„ისინი არ სარგებლობენ სპეციალური სტიპენდიით და მხოლოდ დევნილისთვის გათვალისწინებული მინიმალური დახმარება (45 ლარი) აქვთ.
ცხადია, რომ პანდემიის ფონზე გაუარესებული ისედაც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ოჯახების დიდ ნაწილს არ აქვს საკმარისი რესურსი, რომ თბილისში დარჩენილი შვილების საჭიროებები დააკმაყოფილოს. ხაზგასასმელია, რომ EMC-ს მიერ ორგანიზებულ ცხელ ხაზზე არაერთი ასეთი შემთხვევის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია და დახმარების თხოვნა“, – წერია EMC-ის გავრცელებულ განცხადებაში.
მათი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, საგანგებო მდგომარეობის პირობებში სახელმწიფომ შეიმუშაოს სპეციალური სოციალური პროგრამები სტუდენტების მიმართ, რომლებიც საცხოვრებელთან, სასწავლო საფასურთან და ასევე, ჰუმანიტარულ გამოწვევებთან დაკავშირებულ საჭიროებებს უპასუხებს, მათ შორის:
„მთავრობამ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა
- შეიმუშაონ სტუდენტების ბაზა, რომლებიც საჭიროებენ ბინის ქირით უზრუნველყოფას და ამისთვის დროულად გამოყონ შესაბამისი რესურსები. ამგვარი ჰუმანიტარული დახმარების სუბიექტები პირველ რიგში უნდა იყვნენ სტუდენტები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან, ასევე იმ ქალაქებიდან და სოფლებიდან, რომელიც ჩაკეტილი და იზოლირებულია კარანტინის გამო;
- უზრუნველყონ სტუდენტები დროებითი ჰუმანიტარული დახმარებით, ბაზისური სოციალური საჭიროებებისა და წუხილების გადაჭრის მიზნით.
სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებმა
- მიიღონ სასწავლო საფასურის გადავადებისთვის საჭირო ზომები“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.