EMC ტყიბულის შახტებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე საუბრობს

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგი ცენტრი (EMC) ეხმაურება ტყიბულის შახტებში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს და სახელმწიფოს მყისიერი რეაგირებისკენ მოუწოდებს.

„მთავრობის დადგენილებით, ტყიბულის შახტებში სამთო-მოპოვებითი საქმიანობა გრძელდება. გარდა იმისა, რომ შახტში შრომის უსაფრთხოების ზოგადი დონე უკიდურესად დაბალია, ჩვენი ორგანიზაციისთვის მოწოდებული ინფორმაციით, იქ ასევე ირღვევა ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციები. კერძოდ:

  • ძიძიგურის შახტში არსებული სახალხო ვაგონები, რომლითაც დასაქმებულთა სამუშაო ადგილამდე გადაადგილდებიან, გათვლილია დაახლოებით 18 კაცზე. სახალხო ვაგონებში სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია და ჯანდაცვის სამინისტროს სავალდებულო რეკომენდაციების შესრულების კონტროლი არ მიმდინარეობს.
  • უშუალოდ ძიძიგურის შახტში ჩასასვლელი სახალხო გალია, (ე.წ. „კლეტი“), რომელიც 20 ადამიანზეა გათვლილი, თუმცა ხშირად უფრო მეტი დასაქმებულის ჩასვლისთვისაც გამოიყენება და რომელშიც სოციალური დისტანციის დაცვა შეუძლებელია, კვლავ ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს“, – ამბობენ ორგანიზაციაში.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და სსიპ – სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს, ეკონომიკური საქმიანობის შემოწმების დამტკიცებული წესის შესაბამისად, ორგანიზაცია მოუწოდებს:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ქალაქ ტყიბულში მოქმედ შახტებში დამსაქმებლის მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა, რათა აღნიშნული სივრცე არ გახდეს დაავადების აფეთქების კიდევ ერთი კერა.