„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ირმა ინაშვილი კომენტარს არ აკეთებს შეკითხვაზე, როგორ შევიდა ოკუპირებულ აფხაზეთში.
„მისიონერიც ვიქნები, როცა ჩემს ქვეყანას სჭირდება, აბა როგორ გგონიათ თქვენ?! აფხაზეთში როგორ მოვხვდი, ეს არის მეორეხარისხოვანი საკითხი, რომ ჩავედით ეს არის მნიშვნელოვანი. თქვენ, ალბათ, ისიც გაინტერესებთ ენგური გადავცურე თუ არა? არ გამიცურავს მდინარე ენგური. გავიარეთ და ჩავედით. სხვა კომენტარს არ გავაკეთებ. ვინაიდან შევედით აფხაზეთში, დაბრკოლება არ შეგვქმნია”, – განაცხადა ინაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.
„პატრიოტთა ალიანსის” ლიდერები 18 აგვისტოს აფხაზეთში ყოფნის ფაქტს არ უარყოფენ. ირმა ინაშვილის თქმით, ისინი აფხაზეთში ილორის ტაძრისთვის საქართველოდან საჩუქრად ღვთისმშობლის ხატის გადასაცემად ჩავიდნენ. მათ ადგილზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე და „აფხაზეთის სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ლაშა საყანია დახვდათ. ამ შეხვედრაში მონაწილეობის გამო საყანიამ თანამდებობა დატოვა.