ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა” აცხადებს, რომ ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე მათ საწყობს ცეცხლი გაუჩნდა. მათივე განცხადებით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია.
„მიმდინარე წლის 1 თებერვალს, დილის 4 საათზე, გუმათჰესის დასახლებაში ცეცხლი გაუჩნდა ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს, სადაც ინახებოდა კომპანიის საკუთრებაში არსებული ტექნიკა.
კომპანიამ აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა შესაბამის უწყებებს.
წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია.
საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია.
ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.
დამატებით ინფორმაციას კომპანია ENKA უახლოეს პერიოდში მოგაწვდით”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.