ნამახვანჰესის ინვექტორი კომპანიის „ენკას” აღმასრულებელი მენეჯერი „ჯორჯიან მანგანეზის” ყოფილი ფინანსური დირექტორი მერაბ ლომინაძე გახდა.
12 მარტს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანია „ნამახვანი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელად ქართველი დირექტორი დაინიშნებოდა.
ლომინაძემ დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუსსესია გამართა. მან ასევე კომენტარი გააკეთა მედიასთან.
მისი თქმით, ძირითადი კვლევის ხელახალი გადამოწმება/ვალიდაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მასში ჩართულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და ექსპერტი.
„ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიმუშაოთ და შედეგები განვიხილოთ სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან, საზოგადოებასთან”, – აღნიშნა მან.
მან ასევე აღნიშნა, რომ სანამ ეს დამატებითი კვლევები არ გადამოწმდება, მანამდე ძირითადი სამშენებლო სამუშოები, მაგ. კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება. რაც შეეხება მოსამზადებელ სამუშაოებს, მისი თქმით, „მოსამზადებელი სამუშაოები არ შეჩერებულა და არც შეჩერდება”.
მისი ვარაუდით, „ძალიან მოკლე ვადაში შეძლებენ ამ კვლევების მომზადებას“. როგორც მან აღნიშნა, მისი წინასწარი გათვლით, „მსგავსი მასშტაბის” პროექტების შეფასებას, თუნდაც ნაწილს კვლევებისას, 6-დან 8 კვირამდე დასჭირდება.
ის ასევე გამოეხმაურა ჰესთან დაკავშირებით არსებულ პროტესტს.
„პროტესტი სხვადასხვა ფორმის არსებობს და სხვადასხვა საფუძველი აქვს ამ პროტესტს. რასაკვირველია, ჩვენ ღია ვართ, რომ ვესაუბროთ აბსოლუტურად ყველას… ჩვენ მზად ვართ, რომ მათ ვესაუბროთ, ავუხსნათ და მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმისთვის, რომ გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები…
დარწმუნებული ვარ, ყველა მხარესთან შეჯერდება პოზიციები. ყველა იმ მხარესთან, რომელიც მოქმედებს არა ვიღაცის დაკვეთით, არამედ ერთი დღის წესრიგით, რასაც ამ ქვეყნის კეთილდღეობა ჰქვია”, – განაცხადა მან.