ENKA-ს უფრო მეტად რომ ემუშავა მოსახლეობასთან, შეიძლება სულ სხვა სურათი ყოფილიყო - თურნავა

პუბლიკა

„როგორც არ უნდა დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა ინვესტორთან, პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს არის ჩვენი ურყევი ნება“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ნამახვაჰესის მშენებელ კომპანია ENKA-ზე საუბრისას განაცხადა.

როგორც თურნავამ განაცხადა, პროექტი შესაძლოა მთავრობის მეტი ჩართულობით განცხორციელდეს. მინისტრის განმარტებით, „ეს უფრო მეტ გარანტიას მოგვცემს ყველას, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მაინც განხორციელდება“.

„რაც შეეხება ენკასთან ჩვენს ურთიერთობას, იცით, რომ ჯერ-ჯერობით საარბიტრაჟო დავა დაწყებული არ არის და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიძლება ისე შევთანხმდეთ ამ პროექტის ფარგლებში, რომ არც მივიდეთ არბიტრაჟამდე – ეს არის ჩვენი სურვილი და ამ ეტაპზე მიდის მოლაპარაკება, რომ თუნდაც დატოვება მოუწიოს კომპანიას ამ პროექტის, რა პირობებით შეიძლება მოხდეს ეს“, – განაცხადა თურნავამ.

მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, პროცესები სხვაგვარად წარმართულიყო, მშენებელ კომპანია ENKA-ს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა.

„რა საკვირველია ინვესტორმა გარკვეული ინვესტიციები გაწია. მე ვფიქრობ, რომ ინვესტორს თავის დროზე მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა და უფრო მეტად ემუშავა მოსახლეობასთან და არ დაეკარგა გარკვეული დრო, დღეს შეიძლება სულ სხვა სურათი ყოფილიყო“, – აღნიშნა მინისტრმა.


სტამბოლის საფონდო ბირჟის ვებგვერდზე 20 სექტემბერს გამოქვეყნდა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანია ENKA ნამახვანჰესის კასკადის აშენებაზე საქართველოს ხელისუფლებასთან ხელშეკრულებას წყვეტს.