ენმ: ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, დაზიანებულია ინვენტარი, მონაწილეობდა ასამდე თავდამსხმელი

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გვიან ღამით მათ „ცენტრალურ ოფისს თავს დაესხნენ, რაშიც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა”.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად ოფისის შუშები და ინვენტარი დაზიანდა.

„ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტიტუშკები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს დაესხნენ თავს. ვანდალური თავდასხმა ნახევარ საათზე მეტხანს გრძელდებოდა, სადაც მონაწილეობას ასამდე თავდამსხმელი იღებდა.

დაზიანებულია ოფისის ფასადი, ჩამსხვრეულია შუშები, დაზიანებულია პარტიის ინვენტარი. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების პასუხი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ საქართველოს ინტერესების დაცვისა და ქართველი ხალხის გვერდით დგომისთვის.

ივანიშვილის რეჟიმის პანიკური ქმედებები და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობა, სულ მალე, ქართველი ხალხის ურყევი ნებით, აუცილებლად დასრულდება!

საქართველო რუსეთი არასდროს იქნება!

ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად დასრულდება!”, – წერია განცხადებაში.