პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ აგრესიული კამპანიის” წარმართვაში დაადანაშაულა.
„ძალაუფლების ჟინით დაბრმავებული ჩვენი ოპონენტები დაჟინებითა და ხელაღებით უმტკიცებენ ქართულ საზოგადოებას, თითქოს გარეჯი საქართველო არ არის“, – აცხადებს სარჯველაძე.
„ჩვენ თვალწინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სრული გავლენის ქვეშ მოქმედი სხვა პოლიტიკური პარტიები, საკუთარი ქვეყნის უზენაესი ინტერესებისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო დაცვის ნაცვლად, მავნებლური პროპაგანდის გამოყენებით, გამორჩეული ხალისით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ებრძვიან თავიანთ სამშობლოსა და ისტორიას, რათა ჩამოაყალიბონ ხალხის, როგორც ხელისუფლების ძირითადი წყაროს, იმგვარი პოლიტიკური ნება, რომელიც როგორმე ბოლომდე მიიყვანს საქართველოს კუთვნილი, ძირძველი მიწების სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემის წლების წინ ჩაფიქრებულ გეგმას. თუმცა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მათი დაჟინებული მცდელობების მიუხედავად, მმართველი პარტია არავის მისცემს ამ მოღალატეობრივი განზრახვის წარმატებით განხორციელების შესაძლებლობას.“, – განაცხადა სარჯველაძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ „ჩვენივე თანამოქალაქეები სახელმწიფოთაშორისი შეთანხმებით დამტკიცებულ 1938 წლის რუკას უარყოფენ“.
„მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანთან ერთად, აუცილებლად შევძლებთ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესების დაცვას, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციას პროცესის ბოლომდე მიყვანას და მთელი ეს პროცესი აუცილებლად წარიმართება ისე, როგორც მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობას შეეფერება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბრს დააპატიმრეს და 28 იანვარს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. პროკურატურამ კარტოგრაფები საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა. გამოძიების მტკიცებით, საზღვრების შეთანხმებისას მათ არ გამოუყენებიათ ერთ-ერთი რუკა, რომელიც საქართველოს ინტერესებში შედიოდა.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ. მიიჩნევენ, რომ პროკურატურის მიერ მტკიცებულებად მოყვანილი რუკის გამოყენება არ შეიძლებოდა.