დმანისში ენმ-ის წევრს, გიორგი ტატუშვილს თავს დაესხნენ, შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

დღეს, 1 ნოემბერს დმანისში პარტიის წევრს, გიორგი ტატუაშვილს თავს დაესხნენ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცნობით, იყო სროლა. ტატუაშვილის თქმით, სოფელ დიდ დმანისთან „მერსედესის“ მარკის მანქანა აედევნა, საიდანაც ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ ესროლეს.

ენმ ამბობს, რომ ინციდენტი „რუსულ ოცნების ორგანიზებით მოხდა”.

პარტია მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, „განიხილონ ეს ღია პოლიტიკური ვენდეტა, როგორც რუსული კრიმინალური რეჟიმის მიერ 2024 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო ძალადობრივი კამპანიის ნაწილი”.

გიორგი ტატუაშვილი დმანისის ყოფილი მერია. ამ თანამდებობაზე ის 2017 წელს აირჩიეს. ტატუაშვილი მაშინ „ქართული ოცნების” წევრი იყო. 2020 წელს ტატუაშვილი მმართველი პარტიიდან გარიცხეს.

დმანისის ყოფილი მერი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და მეორე ვადით არჩევა სურდა. თუმცა, დამარცხდა.

ენმ აცხადებს, რომ „2024 წლის არჩევნების წინ სწორედ მის სამაგალითოდ განეიტრალების მცდელობას აქვს ადგილი”.

შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე [ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] და 187 [ნივთის დაზიანება ან განადგურება] მუხლებით დაიწყო.