ენმ – „ძალა ერთობაშია“ ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს მშვიდობიანი საარჩევნო კამპანია

პუბლიკა

საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ წევრები „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, იმოქმედონ კანონის ფარგლებში, აწარმოონ ობიექტური გამოძიება და უზრუნველყონ საარჩევნო კამპანიის მშვიდობიანად წარმართვის შესაძლებლობა.

„წინა კვირა გამოირჩეოდა განსაკუთრებული აგრესიით და შედეგი არის ის, რომ ხელისუფლების მხარდამჭერებიდან არც ერთი პირი არ არის იდენტიფიცირებული და პასუხისმგებლობაში მიცემული. გარდა ორგანიზაცია 2020-ის წარმომადგენლის, გიორგი მუმლაძისა და ჟურნალისტ ჯეიჰუნ მუჰამედალის საქმეებისა, რეაგირება არ ხდება:

1. დმანისში „ქართული ოცნების“ ოლქის წევრისა და მისი თანმხლები პირების მიერ საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე

2. წალკაში ბლოკის აქტივისტის ცემის ფაქტი;

3. ბოლნისში, ჩაიხანაში მომხდარი ფაქტი, სადაც დაზარალებული არის იუსუფოვი, ბრალდებულადაა წარმოდგენილი;

4. 27 სექტემბერს ბენზინგასამართ სადგურზე საწვავის ჩასახმელად გაჩერებული, ჩვენი მხარდამჭერი ომის ვეტერანის მიმართ ძალადობრივი ქმედება, რომლის დროსაც ქვების სროლის შედეგად დაზიანდა მისი ქონება, ქუთვნილი მანქანა და ასევე მასაც მოხვდა ქვა. მიუხედავად იმისა, რომ იდენტიფიცირებულია თავდამსხმელის კუთვნილი მაქნანა, მისი არა თუ დაკავება, არამედ იდენტიფიცირებაც არ მომხდარა ხელისუფლების მხრიდან;

5. სამწუხაროდ, არსებული რეალობის გამო, უკვე „წვრილმან“ დევნად ფასდება კანდიდატების ბანერების დაზიანება, კერძო საკუთრებიდან წაღება. რაც დიდ ფინანსურ ზიანს აყენებს ჩვენი ბლოკის მაჟორიტარ კანდიდატებს“, – განაცხადა ბლოკის წევრმა, თამარ კორძაიამ.