ბათუმში „ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია იმართება.
როგორც კადრებში ჩანს, შეკრებილი მხარდამჭერები 2-მეტრიან დისტანციას ვერ იცავენ, მათ ნაწილს არც პირბადე უკეთია.
ბათუმის ბულვარში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარადგინა საქართველოს პარლამენტის წევრობის სამი და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი – ლევან ვარშალომიძე, გიორგი კირთაძე, მიშა ბოლქვაძე, ბონდო თედორაძე, ელგუჯა ბაგრატიონი.
შეკრებილ მხარდამჭერებს ოპოზიციის სხვა ლიდერებთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.
10 სექტემბრიდან 200 ადამიანზე მეტის მონაწილეობით კულტურული და სპორტული ღონისძიებები აკრძალულია, თუმცა ეს შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებს არ ეხება.
16 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში 887 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 342 – აჭარაში.