ენმ ეთიკის საბჭოს მიმართავს, პაპუაშვილსა და მგალობლიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდეთ

პუბლიკა

დღევანდელი რიგგარეშე პლენარული სხდომის ჩაშლის შემდეგ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ბრიფინგი განართეს. ისინი მოუწოდებენ, პარლამენტის ეთიკის საბჭოს შეუწყვიტონ უფლებამოსილება უმრავლესობის დეპუტატებს შალვა პაპუაშვილსა და ლევან მგალობლიშვილს.

დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ძალის გამოყენებით ცდილობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის თინა ბოკუჩავას პარლამენტის ტრიბუნისგან მოშორებას, სადაც ვახტანგ გომელაური სიტყვით უნდა გამოსულიყო. დეპუტატმა ლევან მგალობლიშვილმა კი თინა ბოკუჩავას ფოტო ჩამოართვა.

პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის ეთიკის საბჭოს ფაქტის შესწავლისკენ და მმართველი პარტიის დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„დღევანდელმა დღემაც დაადასტურა, რომ ქართული ოცნების სამარკო ნიშანი, ერთადერთი რამ რითაც ხელისუფლებას ინარჩუნებს არის ძალადობა. ისინი ძალადობენ დეპუტატებზე, ძალადობენ ჟურნალისტებზე. კლავენ ჟურნალისტებს მხოლოდ იმისთვის, რომ ნებისმიერი ფორმით შეინარჩუნონ ძალაუფლება”- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.