შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა რუსი ბლოგერის, მარკ ფეიგინის ინტერნეტგადაცემაში მიიღეს მონაწილეობა.
ფეიგინთან ჩართვისას ვანო მერაბიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ არჩევნებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელმძღვანელობასთან მთავარი პრეტენზია მათი პასიურობის გამო ჰქონდათ, ამ არჩევნებმა კი ახალი შესაძლებლობა გააჩინა და დარწმუნებულია, ენმ-ის ახალი ხელმძღვანელობა საქართველოში სიტუაციას შეცვლის.
ვანო მერაბიშვილის თქმით, უნიკალური ნაბიჯი იყო ელექტრონული წესით შიდაპარტიული არჩევნები და პარტიის ხელმძღვანელობის ცვლილება.
„ჩვენი პარტიის წინა ხელმძღვანელობის მიმართ მთავარი პრეტენზია, რაზეც ვსაუბრობით, იყო პასიურობა, არააქტიური მოქმედებები სააკაშვილის დასაცავად, პასიური დამოკიდებულება აქციების, პრესინგის მიმართ და ა.შ.
სულ რაღაც ერთი კვირის წინ შედგა არჩევნები და ავირჩიეთ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა. ძალიან კმაყოფილი ვარ იმით, რომ ამ კვირის განმავლობაში, მთელ საქართველოში გაიმართა სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები.
დარწმუნებული ვარ, ეს ახალი ხელმძღვანელობა მიაღწევს იმას, რომ რამდენიმე თვეში, თქვენც შეამჩნევთ, თუ როგორ შეიცვლება სიტუაცია საქართველოში და არამხოლოდ საქართველოში. მე ვიცი, რომ პარტია და თავად პეტრე ცისკარიშვილი დაკავებულია ჩვენს დიასპორებთან მუშაობით, რადგან მაგალითად, ბოლოს, როცა აქცია გაიმართა, ჩვენი ემიგრანტები არ აქტიურობდნენ…
მინდა, ვთქვა, რომ რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში თქვენც და რაც მთავარია, საქართველოს მთავრობაც შეამჩნევს, რომ პარტიის ახალი ხელმძღვანელობა რეალურად იბრძვის სააკაშვილის დასაცავად“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინთან ჩართვისას.