ენმ-ის ცენტრალურ ოფისზე თავდასხმაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი პარტიის ოფისზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საელჩოებს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ხაბეიშვილმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი ვიდრე ხელისუფლებაში იქნება, საუბარს თავდასხმებით აპირებს.

„ფაქტობრივად, რამდენიმე წუთის განმავლობაში თანამშრომლებს, უსაფრთხოების სამსახურის ბიჭებს, გოგონებს, ახალგაზრდებს უწევდათ კარებთან ამ ადამიანების შეკავება, ისინი შემოჭრას ცდილობდნენ, 100-მდე ნიღბიანი ადამიანი იყო, რომელიც სავარაუდოდ, გდდ-დან, „ხარებას“ სპეცდანიშნულების რაზმიდან მოაბილიზეს ერთად, რადგან იქიდან მოვიდნენ და იქით წავიდნენ, სუს-ის „ნასედკები“. შემოსასვლელის გარდა, სამზარეულოდან, წინა კარიდან შემოსვლას ცდილობდნენ, შუბებით იყვნენ ღამის პირველ საათზე შეიარაღებული. რამდენიმე წუთი გვიწევდა ფიზიკურად წინააღმდეგობის გაწევა და თავის დაცვა, რომ ეს 100-მდე აგრესიული „ტიტუშკა“ არ შემოჭრილიყო.

სამწუხაროა, რომ აქ 14 წლის შვილთან ერთად ვიმყოფებოდი, ძალიან რთულია ამ სიგიჟის ყურება, როცა მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ხარ. ასე გამოიყურება ივანიშვილის რუსული კანონი, ეს კაცი ამ ენით აპირებს ილაპარაკოს მთელი ის პერიოდი, სანამ ხელისუფლებაში იქნება, ასე, შუბებით, ქვებით, ტერორით, თავდასხმებით და „ტიტუშკებით“.

არასამთავრობო ორგანიზაციებს, ელჩებს მინდა მივმართო, თქვენი პოზიცია გამოთქვით ამ თავდასხმასთან დაკავშირებით. უნდა გვესმოდეს, რომ ესენი არ გაჩერდებიან, სამიზნე სხვადასხვა პოლიტიკური, სამოქალაქო ჯგუფი, აქტივისტები იქნებიან. ჩვენ ყველამ ერთად უნდა უზრუნველვყოთ შეშინებული ხელისუფლების ჩამოშორება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ხალხის საკეთილდღეოდ მუშაობას არ აპირებენ… ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მშიშარები არიან, მინიმალური წინააღმდეგობის გაწევისასაც, თავქუდმოგლეჯილი გარბოდნენ“, – აცხადებს ხაბეიშვილი.