„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთი დატოვა და ამსტერდამში იმყოფება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება პარტიის აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა ელგუჯა ბაგრატიონმა გააკეთა. ვარშალომიძე იზოლატორიდან გუშინ გათავისუფლდა.
„ერთადერთი საფუძველი მისი შეჩერებისა იყო, რუსეთის მიერ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება. 19 მარტს უკვე ყაზახეთის მხრიდან იქნა გარკვეული, რომ ლევან ვარშალომიძე რუსეთის მოთხოვნით იყო მხოლოდ და მხოლოდ, იმ უსაფუძვლო არგუმენტებით, სამართლებრივი არანაირი არგუმენტი არ არსებობდა, ერთადერთი მდგენელი იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დევნა ლევან ვარშალომიძის. ყაზახეთის მიერ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, ის იქნა დაუყოვნებლივ გათავისუფლებული განყოფილებიდან. ამის შემდეგ, დღეს დილით, უკვე 06:10 საათზე, მან დატოვა ყაზახეთი, ყაზახეთის ავიახაზებით და ის იმყოფება ამსტერდამში“, – თქვა ბაგრატიონმა.
18 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე დააკავეს. ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის თქმით, „წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით“.