ენმ-ის დროს ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება ციმბირი უკან მოეტოვებინათ - სარჯველაძე

პუბლიკა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურ დევნად არ უნდა შეფასდეს.

„ეს არ არის პოლიტიკური შურისძიება. ფაბულა და შინაარსი ცნობილია, რაზეა საუბარი. სასამართლომ დაასკვნა, რომ ეს იყო მართლსაწინააღმდეგო ქმედება, იმ კატეგორიის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელსაც დანაშაული ჰქვია. საუბარია რაზე? საწარმოს ხელმძღვანელის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რითაც ორგანიზაციის შემოსავალი შემცირდა. ამას უკვე სახალხო დამცველიც არ უარყოფს.

„ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ამ სიმძიმის დანაშაულისთვის, შეიძლება, ციმბირი უკან მოეტოვებინათ. სინამდვილეში, მათი მმართველობისთვის იყო დამახასიათებელი, რომ ხშირად სჩადიოდნენ დანაშაულებს. არ მგონია, მოწმენდილ ცაზე მეხს წარმოადგენდეს, რომ პირები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებული, დანაშაულებს სჩადიოდნენ “, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.


დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ დამფუძნებელ ნიკა გვარამიას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.