თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის, თბილისში არსებულ მოსკოვის გამზირს სახელი გადაერქვას და კიევის სახელი ეწოდოს.
„ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული განვითარების და რეფორმების მდივანმა, ანა გოგოლაძემ განაცხადა, რომ პარადოქსია, რომ თბილისის ერთ-ერთ დიდ გამზირს ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქის სახელი ჰქვია.
„სირცხვილია, ერთსა და იმავე ქალაქში გვქონდეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა სახელობის ქუჩები და ამავდროულად მათთან ერთად არსებობდეს ამ ომის გამომწვევი და განმახორციელებელი ქვეყნის დედაქალაქის სახელობის ქუჩა.
აქედან გამომდინარე, თბილისის საკრებულოში ინიციატივით შევდივართ, ნაცვლად ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქის სახელწოდებისა, გამზირს დაერქვას უკრაინის დედაქალაქის, კიევის სახელი, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთგული მეგობრის, საზიარო ღირებულებების მქონე და სტრატეგიული პარტნიორის პატივსაცემად“, – განაცხადა ანა გოგოლაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ საპასუხოდ „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრმა, ზურაბ აბაშიძემ შეკითხვა დასვა – როცა ენმ ხელისუფლებაში იყო, 2008 წლის შემდეგ რატომ არ გადაარქვეს ქუჩას სახელი?
აბაშიძე ამბობს, რომ თბილისში კიევის ქუჩა უკვე არსებობს, ქუჩის სახელდებას კი შესაბამისი პროცედურა აქვს, რისთვისაც საკრებულო მზად არის.
„წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს სპონტანურად და ემოციებით. ქუჩის სახელის ცვლილება მხოლოდ პოლიტიკური თემა არ არის, ასეთ საკითხებს სჭირდება მთელი რიგი პროცედურების დაცვა, მოსახლეობასთან კომუნიკაციით და მათთან შეჯერებით. ჩვენ მზად ვართ მსჯელობისთვის და ამ საკითხის განხილვისთვის. არა პოპულიზმით და არა ემოციების ფონზე“, – განაცხადა აბაშიძემ.