ენმ-ის ხელისუფლების შემსწავლელი კომისია გამოკითხვაზე მამუკა ხაზარაძის უარს პროკურატურას გადასცემს

პუბლიკა

ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია სხდომაზე გამოცხადებაზე მამუკა ხაზარაძის უარს პროკურატურას გადასცემს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ითვალისწინებს ჯარიმას ან პატიმრობას ერთ წლამდე.

კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, კომისიის სამდივნომ მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე დღის წინ ტელეფონით შეატყობინა დაბარების და განსახილველი საკითხის შესახებ, რაც ხაზარაძემ გაიკვირვა და შესთავაზა სამდივნოს, წერილობითი შეტყობინება გაეგზავნა.

წულუკიანის თქმით, სამდივნომ ხაზარაძეს „ვათსაფში“, „სიგნალში“, შეატყობინა წერილობით, რომ მოწვეული იყო კომისიის სხდომაზე შპს „მაგნატის“ საკითხთან დაკავშირებით.

„მან სულ რამდნიმე წუთის წინ, როცა ბატონი ჯემალ ლეონიძე საუბრობდა, რომ ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და სხვებმა დაამყარეს მასთან კონტაქტი და [ხაზარაძე-ჯაფარიძემ] უნდა ახსნან რამდენიმე ეპიზოდი, ამ პროცესში რომ ვიყავით, ბატონმა მამუკამ გამოაქვეყნა ფბ პოსტი… დასანანია, რომ ბატონი მამუკა, იმ დიდი უბედურების ფონზე, რასაც გვიამბობდა ბატონი ლეონიძე, მორიგჯერ შეურაცხყოფს და უწოდებს კომისიას ცირკს…  ბატონი მამუკას შემთხვევაში, მან რეალურად თავისი ფბ პოსტიდან გამომდინარე აღარ დაგვიტოვა კითხვის ნიშანი, აპირებს თუ არა მოსვლას და ხომ არ მოიცლის სხვა დროს… მინდა, შემოგთავაზოთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბატონი ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნის საკითხი“, – თქვა წულუკიანმა. ამ საკითხს კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძეს, თეა წულუკიანის განცხადებით, მასთან დაკავშირება სხვადასხვა გზით სცადეს, თუმცა ჯაფარიძემ მათთან კომუნიკაცია თავიდან აირიდა. მან კომისიას ბადრი ჯაფარიძისთვის დამატებითი დროის მიცემა შესთავაზა. ჯაფარიძის გამოცხადებას 14:00-დან 16:00-მდე დაელოდებიან.

ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის სხდომაზე განიხილავენ შპს „მაგნატის“ საქმეს. სხდომაზე მოუსმინეს კომპანიის მესაკუთრეს, ჯემალ ლეონიძეს. ასევე გაესაუბრებიან მის ადვოკატს.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არ აღიარებს ამ პარლამენტს და არ მიიღებს ამ „ცირკში“ მონაწილეობას.