„ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილმა ენმ-ის საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ „ლელოს” ლიდერები, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.
კომისიის სხდომა 25 მარტს, 10:00 საათზეა ჩანიშნული.
სხდომის დღის წესრიგის მიხედვით, განიხილავენ შპს „მაგნატის“ საქმეს. სხდომაზე მიწვეულნი არიან კომპანიის მესაკუთრე ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი, ასევე ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე.
ჯერჯერობით უცნობია, მივლენ თუ არა სხდომაზე ხაზარაძე და ჯაფარიძე.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში შექმნილი აქვს ენმ-ის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს.
„ოცნების“ განცხადებით, „კომისია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ზუსტი და გამჭვირვალე გამოძიების ჩატარებას, შეაფასებს 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობას, რათა მოხდეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა სახის საფრთხეების პრევენცია. შეიმუშავებს და მოამზადებს შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტებს, დასკვნებს, რეკომენდაციებსა თუ წარდგინებებს“.
რეგლამენტით, საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში სხდომაზე გამოცხადება სავალდებულოა.