„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აქტივისტებს აკავებენ.
„პუბლიკის“ რეპორტიორის მიერ მოწოდებულ კადრებში ჩანს, რომ პოლიციელები მათ საპატრულო მანქანებში სვამენ და ტერიტორიას არიდებენ.
აქტივისტები პოლიციელებს შეძახილით „მონა“ ხვდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები არიან ასევე პოლიტიკოსებიც, მათ შორის ენმ-ის წევრი გიორგი ბოტკოველი.
„სირცხვილიას“ აქტივისტების ინფორმაციით, დაკავებულები არიან ზუკა ბერძენიშვილი, ნიკა ფარულავა და ირაკლი ფავლენიშვილი. მარიამ გეგუჩაძის თქმით, მის თვალწინ 5 აქტივისტი დააკავეს.
„პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს ინფორმაცია, რამდენი ადამიანია დაკავებული „ნაციონალური მოძრაობის“ შენობაში განვითარებული მოვლენების შემდეგ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია რამდენიმე წუთის წინ დააკავეს. მისი აყვანის წინ ოფისში, სავარაუდოდ, ცრემლმდენი საშუალება გაუშვეს, მანამდე კი პოლიციამ იქ შეკრებილი ადამიანები შენობიდან გამოიყვანა.