პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხის თაღლითობით დაუფლების მცდელობის ფაქტზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ ლაშა ცანავას ბრალდება წარედგინა.
ლაშა ცანავა 30 ივლისს დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყება ცანავასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა. მოთხოვნილი თანხის ნაწილი ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მის ანგარიშზე ჩაარიცხინა, ნაწილი კი – 2500 აშშ დოლარი 2025 წლის მაისში და ივნისში შეხვედრებისას გამოართვა“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
ლაშა ცანავას ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია არავითარი დანაშაული და სასამართლომ ის აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დატოვოს.
„კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, თუ ამ ქვეყანაში სხვადასხვა სახის სერვისის შეთავაზება და მერე ამ სერვისში თანხის აღება არის დანაშაული, კიდევ ერთხელ განვმეორდები, მაშინ ყველა ის მოქალაქე და ადამიანი უნდა იყოს დაკავებული, რომელიც იუსტიციის სახლთან მოქალაქეებს სთავაზობს სხვადასხვა სერვისის შეთავაზებას, მაშინ ყველა თარჯიმანთა ბიუროში მოთანამშრომლე ადამიანი უნდა იყოს დაკავებული, ასევე სანოტარო ბიუროში არის სხვადასხვა სექცია, სადაც ზუსტად ამგვარი ქეისების აწყობას სთავაზობენ მოქალაქეებს“, – თქვა ლაშა ტყეშელაძემ.
ადვოკატი ამბობს, რომ ცანავა თავად ისაუბრებს პროცესზე, თუ რატომ დააკავეს ის.