ენმ-ის საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ჭიაბერაშვილი იქნება

პუბლიკა

ენმ-ის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელად ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა.

ხაბეიშვილის თქმით, ჭიაბერაშვილს საგარეო ურთიერთობების კუთხით სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურასა და დიპლომატიურ მისიაში მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს.

„მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მიმართულების ხელმძღვანელი, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი, რომელიც დასთანხმდა ჩვენს შეთავაზებას და შესაბამისად, ამ მიმართულებით, ბატონი ზურაბი გააგრძელებს აქტიურ მუშაობას. ის იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში, მუდმივი წარმომადგენელი ჟენევაში, გაეროს ოფისსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში”,განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა მადლობა გადაუხადა ენმ-ს შეთავაზებისთვის და განაცხადა, რომ ის პარტიასთან ერთად მუშაობას 3 მიმართულებით გააგრძელებს: 1) ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება; 2) მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება; 3) უკრაინასთან საგარეო პოლიტიკა.

„მადლობა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ამ შემოთავაზებისთვის, რომელიც, ბუნებრივია, მივიღე იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რაც დღეს ქვეყნის წინაშე დგას და მეც გავიმეორებ, რომ დღეს პარტია ფოკუსირებულია ჩემი აზრით, სამ მნიშვნელოვან საკითხზე და ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. რა თქმა უნდა, ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც წინ ეღობება „ქართული ოცნება“, ეს რუსული საოკუპაციო რეჟიმი საქართველოში და განსაკუთრებით, ამ რეჟიმის მიერ წარმოებული პოლიტიკური მართლმსაჯულება და პოლიტიკური დევნა უკვე 11 წლის განმავლობაში.

პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის მთავარი წინაღობა დღეს იმ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს დაბრუნება ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში. ამიტომ ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება იქითკენ, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამავდროულად პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობის დასრულება არის გადაუდებელი ამოცანა ქვეყნისათვის და ამ პარტიისათვის.

მესამე საკითხი ეს არის უკრაინასთან საგარეო პოლიტიკური კავშირის შენარჩუნება, უკრაინისადმი სოლიდარობა. ეს უნდა იყოს ქვეყნის ძალიან სწორი, გააზრებული პოლიტიკა ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ გამარჯვების შემდეგ უკრაინა იქნება ქვეყნის ლიდერი და გამწევი ძალა იმისათვის, რომ საქართველოს სწრაფი ინტეგრაცია მოხდეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში”, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარტია „ევროპული საქართველო” 2021 წელს დატოვა.