ენმ-ის თავმჯდომარე სააკაშვილია და რაც მალე მივიღებთ ამას, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება - უგულავა

პუბლიკა

პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს, რომ პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჯერ კიდევ 2021 წელს დაბრუნდა და არსად წასვლას არ აპირებს.

ის პარტიაში არსებულ დაპირისპირებასა და წევრების დატოვებას ეხმაურება. გიგი უგულავა ამბობს, რომ პარტიის თავმჯდომარე არის მიხეილ სააკაშვილი და ამ ფაქტის ვერმიღების გამოა ამ პარტიაში 10-წლიანი დაპირისპირება.

„„ნაციონალური მოძრაობა“ მთავარ და ჯერჯერობით ერთადერთ პოლიტიკურ პარტიად მიმაჩნია საქართველოში. მან უნდა შეასრულოს ავიამზიდის ფუნქცია სხვა ევროპულ პარტიებთან ერთად ივანიშვილის ბოროტების დამარცხებაში. და ეს ასეც იქნება.

არ ვთვლი სწორ გადაწყვეტილებად დღეს პარტიიდან ვინმეს წასვლას. მე ეს გზა გავიარე და საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს. ამასთანავე, მიმაჩნია, 2017 წლის და დღევანდელ შიდა პარტიულ დაპირისპირებას შორის, ფუნდამენტური განსხვავებაა. მაშინ მიშა ოდესის გუბერნატორი იყო, დღეს ივანიშვილის პოლიტპატიმარია. ვინც ამ განსხვავებას ვერ ხედავს, ჩემი აზრით, ადამიანობის ცნების ვერგაგების პრობლემა აქვს.

ვთვლი, რომ დღეს ყველა ნაციონალის იდენტობის ადამიანი (მიუხედავად იმისა აქვს თუ არა ჯიბეში ენმ-ს პარტბილეთი) უნდა გაერთიანდეს მიხეილ სააკაშვილის გარშემო. ცემენტი ნაცების ერთობის არის სააკაშვილი. ნაცმოძრაობის თავმჯდომარე არის სააკაშვილი. ამ ფაქტის არ/ვერ მიღების გამოა ამ პარტიაში 10-წლიანი დაპირისპირება. იცვლებოდა მხოლოდ სახელები. რაც მალე მივიღებთ ამ მოცემულობას ფაქტად, მით მალე მორჩება ეს დაპირისპირება და გადავალთ საქმეზე – რუსეთის მორიელებთან ბრძოლაზე“, – წერს ის.

გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თელავის საკრებულოს წევრმა, იმედა კევლიშვილმა დატოვა. მან თქვა, რომ პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ნიკა მელიას მხარდაჭერის გამო შეხვედრებზე არ ეპატიჟებოდნენ.

დღეს ნიკა მელიამ გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ახალი მენეჯმენტი მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლებს განსხვავებული აზრის გამო დევნის.

„რით სჯობს დღეს ეს „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“? განსხვავებული აზრის დევნით, არაფორმალური მართვითა და პოლიტიკის ფულის შოვნის საშუალებად ქცევით ისე ემსგავსება, მხოლოდ ლოგოს ფერი თუ დარჩა განსხვავება“, – წერს ის.