ენმ-ის ცნობით, ყაზახეთში დაკავებულმა ლევან ვარშალომიძემ იზოლატორი დატოვა - იურიდიული პროცედურები გრძელდება

პუბლიკა

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

ენმ-ის წევრის, ლევან ანთაძის განმარტებით, იურიდიული პროცედურები გრძელდება და ლევან ვარშალომიძე ჯერჯერობით კვლავ ყაზახეთში რჩება.

„გუშინ ყაზახეთში დააკავეს ლევან ვარშალომიძე რუსეთის უკანონო მოთხოვნის საფუძველზე. დღეს ის თავისუფალია, მაგრამ მიმდინარეობს იურიდიული პროცედურები და იმედს ვიტოვებთ, რომ დროულად ამოიწურება ეს უსიამოვნო სიტუაცია ჩვენს მეგობრებთან, ყაზახებთან და ლევან ვარშალომიძე დროზე დაბრუნდება საქართველოში”, – განაცხადა ანთაძემ.


18 მარტს ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ვარშალომიძე დააკავეს. პარტიის ცნობით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც საზღვარს კვეთდა.

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, „წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან“.