„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ იგივე შეთავაზება აქვთ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, ასევე ძალოვანი სტრუქტურების სხვა თანამშრომლების მიმართ, რაც დაახლოებით თვენახევრის წინ ლევან ხაბეიშვილმა გააჟღერა. ბოკუჩავამ განცხადება სუსის შენობასთან გააკეთა.
მან ასევე დაანაონსა, რომ ენმ ხვალიდან იწყებს კამპანიას რეგიონებში. ხაბეიშვილი დღეს, 11 სექტემბერს დააკავეს, მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა.
„სუსი აპელირებს განცხადებაზე, რომელიც პირველად ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა დაახლოებით თვენახევრის წინ, პირდაპირი ეთერით და ეს განცხადება იყო შემდეგი, რომ ლევან ხაბეიშვილი საზოგადოების წევრებს ეუბნებოდა, რომ გდდ-ს ყველა თანამშრომელს ან ნებისმიერ სხვა ძალოვანს, რომელიც არ აღმართავს ხელს მშვიდობიან პროტესტანტზე და რომელიც არ იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის წინააღმდეგ, არ იძალადებს ხალხზე, თითოეულ ასეთ ადამიანს სთავაზობდა 200 000 დოლარს, როგორც ჯილდოს, დღეს აქ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მე პირადად, თინა ბოკუჩავა ვიმეორებ, რომ მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაემხობა, ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც 7-ჯერ გაზარდა პენსიები, გააოთხმაგა საქართველოს ბიუჯეტი და უამრავი სხვა სიკეთე მოტანა საქართველოს დიახ, კვლავ ჰპირდება გდდ-ს ყველა თანამშრომელს და ძალოვანი სტრუქტურის ყველა წარმომადგენელს, რომ დიახ, თქვენ მიიღებთ ჯილდოს, 200 000 დოლარის ოდენობით. […] აბსოლუტურად იდენტურ შეთავაზებას ვაკეთებთ ჩვენ, თითოეული ჩვენგანი და პირადად მე, თინა ბოკუჩავა, იმისთვის, რომ ვამხილოთ რამდენად აბსურდულია ეს ბრალი“, – თქვა თინა ბოკუჩავამ.
ბოკუჩავამ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ მივიდნენ „რუსული სპეცოპერაციის სპეც.პუნქტებზე, რომლებსაც ივანიშვილი ეძახის საარჩევნო უბნებს, ამის ნაცვლად გამოდით ჩვენთან ერთად“.