ენმ-მ ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილე აღნიშნა

პუბლიკა

„ნაციონალურმა მოძრაობამ” ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილე აღნიშნა. დღეს პარტიის წევრებმა ხელი მოაწერეს 11 პუნქტიან მანიფესტს. მანიფესტის ტექსტი ღონისზიებაზე სოფო ჯაფარიძემ წაიკითხა.

დოკუმენტის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ერთიანდებიან მთავარი მიზნის მისაღწევად – გაათავისუფლონ ქვეყანა, საქართველოში ერთადერთი ოლიგარქისა და ერთადერთი არაფორმალური მმართველობითი მანკიერი სისტემისაგან.

ენმ-ს ღონისძიებას არ დაესწრო პარტიის ყოფილი თავმდჯომარე ნიკა მელია. შესაბამისად, მან არც მანიფესტს მოაწერა ხელი.

ენმ-ს დღევანდელ ღონისძიებაზე იყო სიტყვით გამოსვლები, წაიკითხეს სააკაშვილის გზავნილიც კლინიკა „ვივა მედიდან”.

„ვარდების რევოლუციამ მყარად დააბრუნა საქართველო მსოფლიო რუკაზე… ჩვენ ვარდების რევლცუიით კორუფციას, კრიმინალს, უიმედობას და რუსეთს ვუთხარით არა… საკითხი დგას ასე, ან ოლიგარქი ან საქართველო და გამარჯვება, ჩვენ ვირჩევთ გამარჯვებას ანუ ვირჩევთ საქართველოს”, – ეწერა ექსპრეზიდენტის წერილში.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა პარტიის თავმდჯომარე, ლევან ხაბეიშვილიც.

„ვარდების რევოლუციის შემდეგ დამარცხდა კორუფცია, დამარცხდა კრიმინალი, ქურდული სამყარო და განუკითხაობა… ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა იყო ყოველდღიური ცხოვრების წესი… წყალი და გათბობა მხოლოდ პრივილეგრიებულ ადამიანებს ჰქონდათ… მოწესრიგდა საგზაო და სხვა ინფრასტრუქტურა, აშენდა ასობით ამბულატორია. გაჩნდა საპატრულო  პოლიცია, რომელიც მყისიერად შეიყვარა საქართველოს მოქალაქემ… გაჩნდა იუსტიციის სახლები…

ვარდების რევოლუციამდე მხოლოდ პრივილეგრიებულის ოჯახის წევრებისთვის ჩაწყობით და ქრთამით იყო შესაძლებელი უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა, მიხეილ სააკაშვილმა მოიტანა ეროვნილი გამოცდები და მოსწავლეებს მიეცათ შესაძლებლობა ჩაებარებინათ უნივერსიტეტში ჩაწყობის გარეშე…. ეკონომიკა გაიზარდა ხუთჯერ… პენსია გაიზარდა 10 ჯერ”, – თქვა ლევან ხაბეიშვილმა.

ღონისძიების დასრულების შემდეგ, ლევან ბეჟაშვილმა, ენმ-ს წევრმა თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღონისძიებაზე არ მივიდნენ და მანიფესტს არ მოაწერეს ხელი „თავის თავს პარტიის მიღმა ტოვებენ, ან აწერ ამ დოკუმენტს ხელს, ან შენ თავს პარტიის მიღმა ტოვებ”.