„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ პარლამენტის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, საკონსტუტუციო სასამართლოს პარტიამ დღეს მიმართა.
„პარლამენტის ეს დადგენილება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ხოლო სააპელაციო სასამართლოში ჯერ კიდევ არის ვადა და ის აუცილებლად გასაჩივრდება.
ყველა დეპუტატი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, სამარცხვინო სიაში შევა საქართველოს პარლამენტარიზმის ისტორიაში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
12 დეკემბერს მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 88 დეპუტატმა, არც ერთი წინააღმდეგი. შესაბამისად, დადგენილების თანახმად, მელიას შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გამართლდა, მეორე ეპიზოდში – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში კი გამამტყუნებელი განაჩენი მიიღეს.
ნიკა მელიას 25 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოცხადდა საქალაქო სასამართლოში.
რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.