პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ფრაქცია საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტს არ შეწყვეტს და მონაწილეობას მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მიიღებს.
„ამ ეტაპზე ჩვენი პოზიცია არის ასეთი, რომ საპარლამენტო საქმიანობაში მივიღებთ მხოლოდ კენჭისყრაში მონაწილეობას, რომელიც გულისხმობს სრულად პროპორციულ საპარლამენტო სისტემას.
ჩვენი საპარლამენტო ფრაქცია მონაწილეობას მიიღებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში, ეს საჯაროდ გვაქვს გაცხადებული. მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, რომ მალე გამოიტანონ საკონსტიტუციო ცვლილებები, მალე დაიწყოს მომზადება ამასთან დაკავშირებით“, – განუცხადა დეკანოიძემ მედიას.
მას შემდეგ, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტა ფრაქცია „ლელომ“.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნით ფრაქცია „ლელომ“ საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტი 2 ნოემბერს გამოუცხადა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, 1 ნოემბერს, მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა განცხადება და ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა, ამის სურვილი რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა, თუმცა მომდევნო დღეს გავრცელდა სააკაშვილის მორიგი მოწოდება, რომელშიც ექსპრეზიდენტი ამბობდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა პარლამენტში მნიშვნელოვანი იყო. ამის შემდეგ ფრაქციამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტის დატოვებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღო.