„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულთა ამნისტიის ინიციატივით გამოდის, – ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის თქმით, ციხეებში კოვიდაფეთქებაა და საპატიმროებში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით კოვიდრეგულაციების დაცვა ძნელია. მისივე განმარტებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი გადატვირთული ციხეების განტვირთვაა.
„აქედან გამომდინარე, გამოვდივარ ფართო ამნისტიის ინიციატივით, რაც ითვალისწინებს მსუბუქ და ნაკლებად მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული ადამიანების მყისიერ განთავისუფლებას. ცხადია, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საფრთხეს არ წარმოადგენენ, იმიტომ, რომ დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
ჩვენ ჯერ არ ვიცით, რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, მაგრამ შემიძლია იქიდან ვივარაუდო, თუ რა რაოდენობის პატიმრის ოჯახის წევრი გვიკავშირდება პირადად მე და ჩემი გუნდის წევრებს, რომ ეს მასშტაბი არ არის მცირე, და ისინი არიან ძალიან ბევრი და მათ ძალიან სჭირდებათ ჩვენი დახმარება… ჩვენ ვართ ომში, და დღეს დადგა დრო, რომ ამ ადამიანებისთვის ციხის კარი უნდა გავაღოთ, და ამით შევამსუბუქოთ მდგომარეობა და განვტვირთოთ საპატიმროები”, – აღნიშნა სოფო ჯაფარიძემ.
ციხეებში არსებულ ეპიდვითარებაზე დღეს კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. მისი თქმით, სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და რაიმე განსაკუთრებული საჭიროება პენიტენციურ სამსახურთან მიმართებით არ არსებობს.