ენმ პარლამენტს საზმაუს მეურვეობის კანდიდატად ლიკა შავგულიძეს წარუდგენს

პუბლიკა

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატად ლიკა შავგულიძეს წარადგენს.

საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი იმსჯელებენ, ვინ იქნება ღირსეული კანდიდატი და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ვის დაუჭირონ მხარი.

„კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ამ ეტაპზე კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა შეუძლია პარლამენტში ყველაზე დიდ ფრაქციას ოპოზიციიდან. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ ასეთ უფლებამოსლილებას კანონი არ გვაძლევს, ამიტომ ჩვენს კანდიდატს ვერ წარვადგენთ.

ვიმსჯელებთ და შევჯერდებით, ვინ იქნება ყველაზე უფრო ადეკვატური და საზოგადოების ინტერესების დამცველი საზოგადოებრივ მაუწყებელში და ასეთ ადამიანს დავუჭერთ მხარს“, – განაცხადა პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა „TV პირველთან“.

გუშინ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტია სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტში საზმაუს ყოფილი დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის წარდგენას აპირებს.

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეობის კანდიდატად ლაშა ტუღუში წარუდგინა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის მსურველებთან გასაუბრების შემდეგ, კომისიამ  შერჩეულ კანდიდატთა სია დაასახელა. კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.


პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის, მეურვეობის სამი კანდიდატის შესარჩევად ღია კონკურსი 17 მარტს გამოაცხადა.

ვადა ეწურება ბორდის სამ წევრს: ბორდის თავმჯდომარეს, ირინა ფუტკარაძეს, რომელიც სახალხო დამცველის კვოტით აირჩა; ირაკლი პაპავას, რომელიც „ქართული ოცნების“ კვოტით იყო არჩეული; და გია ნიჟარაძეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით აირჩიეს.