ენმ სანქცირებულ პირთა საქართველოში შემოსვლის აკრძალვაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებას მოითხოვს

პუბლიკა

„ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, პარლამენტმა განიხილოს მათი ფრაქციის იმიერ ინიციირებული კანონპროექტი, რომელიც აკრძალავს საქართველოში სანქცირებული პირების შემოსვლას.

ენმ-ის წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელთა მხრიდანაც მიმდინარეობს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია; ასევე – იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რომლებიც თანამშრომლობენ საქნცირებულ კომპანიებთან.

კანონპროექტის მიხედვით, იმ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც სანქცირებულთა სიაში არიან, საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსება და ტენდერებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

„ჯერ კიდევ შარშან ენმ-ის ფრაქციამ ინიციირება მოახდინა კანონპროექტის, რომელიც აკრძალავდა სანქცირებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას. ნაცვლად იმისა, რომ უმრავლესობას აღნიშნული პროექტი განეხილა დაჩქარებული წესით, შემოდეს თაროზე და გაყინეს პროცესი. „რუსულმა ოცნებამ“ თავის დროზე შემოუშვა გავრილოვი, რომელმაც საზოგადოებას მიმართა იმ სკამიდან, საიდანაც პირველმა პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა; მათ შემოუშვეს რუსი პროპაგანდისტი პოზნერი, როცა მთელი ქვეყანა დახურული იყო და ადამიანები ულუკმაპუროდ იყვნენ დარჩენილნი, პანდემიის დროს; ახლა უკვე მათ შემოუშვეს ლავროვის ოჯახის წევრები, რომლებიც არიან საერთაშორისოდ სანქცირებული პირები და მათთვის დაკეტილია მთელი თავისუფალი სამყარო. ვინ იქნება შემდეგი? ლავროვი, რომელიც არქიტექტორია 2008 წლის ომის, გენოციდის, ჩვენი მოქალაქეების დახოცვის, უკრაინის ომის და რომელიც ამბობს, რომ  აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე. ამ პირობებში არ არსებობს გარანტია, რომ მომავალშიც არ შემოვლენ სანქცირებული პირები.

მოვითხოვთ, იმ კანონპროექტის დაუყოვნებლივ განხილვას, რომელიც ერთი წლის წინ დააინიციირა ენმ-მ და მოველით, რომ საქართველოს პარლამენტმა საკუთარი უფლებამოსილება განახორციელოს, დაიცვას ქვეყნის ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.