ენმ: პარტიას აღარ წარმოადგენენ ჩვენი წევრები, რომლებმაც ჩხოროწყუს საკრებულოში ბიუჯეტს დაუჭირეს მხარი

პუბლიკა

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი. პარტია ამბობს, რომ ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ  „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“.

იხილეთ განცხადება:

„ივანიშვილის რუსული დანაშაულებრივი რეჟიმი ცდილობს მიტაცებული ხელისუფლება შეინარჩუნოს ნებისმიერ ფასად. ქართველი ხალხი დედაქალაქსა თუ საქართველოს სხვა ქალაქებში რეჟიმის დასამარცხებლად შეუპოვრად იბრძვის. ამ ბრძოლაში, რეჟიმი მის ხელთ არსებულ ყველა რესურსსა და საშუალებას იყენებს, მათ შორის, იმ ფინანსურ რესურსს, რომელსაც ქართული ბიზნესისა და ხალხის ჯიბიდან იღებს გადასახადების სახით. ეს ფული არის ხალხის, მაგრამ მას რეჟიმი მისი ბერკეტების შესანარჩუნებლად, მათ შორის სადამსჯელო კრიმინალური რაზმების დაფინანსებისათვის და მშვიდობიანი მომიტინგეების სასტიკი მეთოდებით დასარბევად იყენებს. ამ ვითარებაში, ნებისმიერი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიონებში რეჟიმის შედგენილი ბიუჯეტების მხარდაჭერა, კოლაბორაციის ტოლფასია, რაზეც თვალის დახუჭვა ჩვენი ხალხის ბრძოლის ღალატია.
ამგვარი ფაქტი მით უფრო მიუღებელია პუტინის რეჟიმთან 2012 წლიდან შეურიგებლად მებრძოლი ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობისთვის. ჩვენდა სამწუხაროდ და სრულიად მოულოდნელად, დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ენმ-ს საკრებულოს რამდენიმე წევრმა, ინდივიდუალურ რეჟიმში, ფრაქციის თავმჯდომარის და პარტიის პოზიციის საპირისპიროდ, ქართული ოცნების მიერ შემოთავაზებულ საკრებულოს ბიუჯეტს დაუჭირა მხარი. აღნიშნულის გამო, წესდების შესაბამისი გადაწყვეტილებით, ეს ადამიანები აღარ წარმოადგენენ „ერთიანობა – ნაციონალურ მოძრაობას“.

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს შემდეგი საკითხები:

  1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ.
  2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ და დევნილ) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ.