ლევან ხაბეიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. მისი თქმით, ამის მიზეზი სპეცრაზმელების ცემის შემდეგ მისი გაუარესებული ჯანმრთელობა გახდა.
ხაბეიშვილის თქმით, ის რამდენიმე დღეში მოიწვევს პარტიის ყრილობას, რომელზეც ახალი თავმჯდომარის კანდიდატურად თინა ბოკუჩავას წარადგენს.
„მე მაქვს კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული, სამწუხაროდ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობიდა გამომდინარე. იცის საზოგადოებამ ერთი თვის წინ განვითარებული მოვლენები.
ჩემთვის ცხადია, მძიმეა, თუმცა ექიმების მკაცრი რეკომენდაციით, ჩემთვის 2-3 თვის განმავლობაში, ფაქტობრივად, აკრძალულია აქტიურ რეჟიმში მუშაობა. შესაბამისად, ვერ მივცემ თავს უფლებას, რომ პარტიის თავმჯდომარე 2-3 თვის განმავლობაში არ იყოს ფუნქციური, არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული, არ იყოს 24-საათიან, მუშა რეჟიმში, როცა არჩევნებამდე სულ რაღაც 4 თვეა დარჩენილი.
შესაბამისად, ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, თინასთან კონსულტაციების შედეგად, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილება – მე რამდენიმე დღეში მოვიწვევ „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობას, სადაც შევთავაზებ ორ ცვლილებას: პირველი ეხება პარტიის თავმჯდომარეს და მე მინდა ყრილობას შევთავაზო „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ თინა ბოკუჩავას კანდიდატურა.
ასევე ყრილობას მინდა შევთავაზო ჩემი თავი, როგორც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის კანდიდატურა, იმიტომ, რომ ვფიქრობ, პოლიტიკური საბჭო არ არის ყოველდღიური, რუტინული საქმე და მე პოლიტიკურ გადწყვეტილებებში ვიქნები ჩართული“, – განაცხადა ხაბეიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ხაბეიშვილის თქმით, პარტიაში 2025 წლის თებერვალში მორიგი არჩევნები ჩატარდება, რომელზეც პარტიის წევრები აირჩევენ ახალ თავმჯდომარეს, მანამდე კი ცვლილება პარტიის ყრილობაზე მოხდება და წინასაარჩევნოდ ენმ-ს თინა ბოკუჩავა გაუძღვება.